ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე მისი დროებითი ამოქმედების წინადადებით მიმართა. ამის შესახებ, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
,,ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს მიმართა წინადადებით მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე, მისი დროებითი ამოქმედების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის კანონმდებლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს „ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერა არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოში.
ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერისთვის აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ხელმოწერისა და შეთანხმების დროებითი ამოქმედების თაობაზე. ევროკომისიის წინადადების მიხედვით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მის სრულად ძალაში შესვლამდე, ამოქმედდება შეთანხმების უდიდესი ნაწილი. დროებითი გამოყენება შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მუხლებს, ასევე, დარგობრივი თანამშრომლობის თავების უმრავლესობას და შეთანხმების რამდენიმე სხვა მუხლს", _ნათქვამია განაცხადებაში.