„თიბისი ბანკი" აცხადებს, რომ კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსი" ახალი მენეჯმენტის ხელმძღვანელობით სტაბილურად ვითარდება, დაუბრკოლებლად აფართოებს ქსელს და შეუფერხებლად ემსახურება საბანკო ვალდებულებებს.
„კომპანია უნაკლოდ ასრულებს რეაბილიტაციის რეჟიმით გათვალისწინებულ ყველა პირობას და ერთადერთი პრობლემა, რაც დღესდღეობით ამ კომპანიას აქვს, არის მხოლოდ 2007 წელს ქოქოლაძის მენეჯმენტის მიერ ჩადენილ საგადასახადო დარღვევები და მათზე გავრცელებული ფინანსური სანქციები, რომელიც კომპანიას ახლახან დაეკისრა. შესაბამისად, საუბარი ამ კომპანიის წინაშე არსებულ „გადაულახავ სიძნელეებზე" ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზანს და ეს არის ბატონი ქოქოლაძის მორიგი მონაჩმახი!
ქოქოლაძეს სიცრუის გავრცელება და უხამსი პიარ კამპანია სავარაუდოდ ორი მიზნის მისაღწევად სჭირდება: 1) იმ დანაშაულებების გადასაფარად, რომელიც 2007 წელს და, ზოგადად, „ელიტ-ელექტრონიქსში" მისი მმართველობის დროს იქნა ჩადენილი და რომლის გამო დღევანდელმა საგადასახადო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ჯარიმა დააკისრა კომპანიას; 2) შესაძლებელია თავად „ტექნობუმის" ფინანსური პრობლემების გადასაფარად, რომელიც გარდაუვალია მისი მართვის სტილიდან და მეთოდებიდან გამომდინარე.
საგადასახადო და შესაბამისი სამსახურების მიერ ოფიციალურად დასტურდება ბატონი ქოქოლაძის მიერ ჩადენილი დარღვევები და თაღლითური ქმედებები. ამ ვითარებაში ქოქოლაძეს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ სიცრუეზე აგებული პიარით და ახალი დეზინფორმაციით გადაფაროს თავისი დანაშაული და, „ქველმოქმედის" ქურქში გახვეული, შეეცადოს საკუთარი რეპუტაციის აღდგენას"- ნათქვამია „თიბისი" ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანზორ ქოქოლაძის საპასუხოდ დღესვე განცხადება გაავრცელა „ელიტ ელექტრონიქსმაც", რომელმაც განმარტა, რომ „ელიტ ელექტრონიქსის" ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია.
„ელიტ ელექტრონიქსის" მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა მეტად სტაბილურია და ყოველწლიურად უმჯობესდება. 2013 წლის განმავლობაში გაყიდვები წინა წელთან შედარებით 25%-ით, ხოლო მომგებიანობის კოეფიციენტი კიდევ უფრო მეტად, 50%-ით გაიზარდა. 2014 წელს გაყიდვების ფაქტიურმა ზრდამ უკვე მიაღწია 40%-ს წინა წელთან მიმართებაში. კომპანია მუდმივი გაჯანსაღების პროცესშია, წარმატებით ასრულებს რეაბილიტაციის გეგმით დაკისრებულ ვალდებულებებს და არანაირი სამართლებრივი დავა ან პრეტენზია არ არსებობს კრედიტორებთან. წინა მფლობელებისა და მენეჯმენტისაგან განსხვავებით, დღეს კომპანია წარმოადგენს სანდო და სტაბილურ პარტნიორს მომწოდებლებისა და ბანკებისათვის.
მართალია 2013 წლის ბოლოს მოხდა ორი მაღაზიის დახურვა, თუმცა წლის განმავლობაში გაიხსნა ხუთი ახალი მაღაზია, მათ შორის ორი ახალი კონცეფციის, რომელიც განთავსებულია 3,000 კვადრატულ მეტრზე. მაღაზიების დახურვა უკავშირდება ელიტ ელექტრონიქსის საცალო გაყიდვების ახალ კონცეფციაზე გადასვლას - აქცენტი კეთდება თანამედროვე, დიდი ფართობისა და სრული ასორტიმენტის მქონე მაღაზიებზე, სადაც ასევე განთავსებულია საბავშვო ზონა და კაფე. კომპანია განაგრძობს განვითარებას და ახლო მომავალში გეგმავს კიდევ უფრო გაფართოვებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ელიტ ელექტრონიქსი მუდმივად ინარჩუნებს ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას, რომელიც განპირობებულია ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელით, პროდუქციის დიდი და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტით, მომსახურების მაღალი დონით, პროფესიონალური მენეჯმენტითა და სანდო პარტნიორებით. აღსანიშნავია ასევე, რომ კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენს ისრაელის საჯარო კომპანია, რომელიც არის ისრაელის ტექნიკის ბაზრის ერთ ერთი უმსხვილესი მოთამაშე", აცხადებენ „ელიტ ელექტრონიქსში".
შეგახსენებთ, რომ დღეს „ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მფლობელმა ანზორ ქოქოლაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა" უკანონოდ შეაღწია „ელიტ ელექტრონიქსის" მმართველობაში.
„კომპანიაში, რომელიც 1996 წელს დავაფუძნე, დავიწყე ერთი ჯიხურით და 15 წლის მანძილზე, 2009 წლამდე, კომპანია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავხადეთ ტექნიკის ბაზარზე ლიდერი, ყველაზე დიდი და გამართული ქსელით - 59 მაღაზიით და 2000 თანამშრომლით. მაშინ ვაცხადებდი, რომ თიბისი ბანკმა უკანონოდ მოპოვებული მართვის უფლებით მოახდინა ჩემი მენეჯმენტის დათხოვნა და დირექტორად დანიშნა „თიბისი ბანკის" თანამშრომელი დავით კენჭაძე. მაშინ დარწმუნებით ვაცხადებდი, რომ „თიბისი ბანკს" ჩემი გადაყენება მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, რომ დაერღვია კრედიტი და მოეხდინა ელიტ ელექტრონიქსის წილის დასაკუთრება, რასაც მედიასთან „თიბისი ბანკი" სასტიკად უარყოფდა, თუმცა ბრიფინგიდან ხუთ დღეში ჩემი ვარაუდი გამართლდა. „ელიტ ელექტრონიქსის ახალმა დირექტორმა დავით კენჭაძემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა და ამ საფუძვლით „ელიტ ელექტრონიქსი" „თიბისი ბანკმა" დაისაკუთრა. ჩვენ მოვლენების კვალდაკვალ ვააშკარავებდით მათ დანაშაულებრივ ფაქტებს, გასაჩუმებლად კი ჩემი დაპატიმრება გახდა საჭირო.
დღევანდელი საგანგებო ბრიფინგი კი ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, გამოიწვია მამუკა ხაზარაძის და „ელიტ ელექტრონიქსის" მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა, აღმაშფოთა მათ მიერ გაცხადებულმა კიდევ ერთმა მაქინაციამ, ახალი ხელისუფლების პერიოდში „ელიტ ელექტრონიქსზე" მოხდა ფინანსური ჯარიმის დარიცხვა - ანზორ ქოქლაძის მმართველობის პერიოდზე - 2007 წელზე და კომპანია საფრთხის ქვეშააო.
ეს ისტორია ჩემთის უკვე კარგად ნაცნობია. ცხადია რისთვისაც ემზადებიან. ასე დაიწყო „თიბისი" ბანკმა 2009 წელსაც განცხადებები, შემდეგ უკანონო მაქინაციებით, პროკურატურის, ფინანსური პოლიციის და სასამართლოს დახმარებით, „ელიტ ელექტრონიქსი" დაისაკუთრა, რომელიც მალევე დავით კეზერაშვილის კომპანია „ელიტ ეფლაიენსს" გადაუფორმა და დღესაც კეზერაშვილის გუნდის წევრები მართავენ კომპანიას.
მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ უკვე იციან „ელიტ ელექტრონიქსის" გაკოტრება გარდაუვალია, მაშინ როცა ერთი მეორის მიყოლებით იკეტება მაღაზიები, ვერ ასრულებენ რეაბილიტაციის გეგმას, კრედიტორები უჩივიან და გამოსავალს ვეღარ ხედავენ. დარწმუნებული ვარ „ელიტ ელექტრონიქსში" შეგნებულად არ მიაწოდეს საგადასახადო სამსახურს დოკუმენტაცია, რადგან ეს დარიცხვა მათ სჭირდებათ მათი მხრიდან წინა წლებში ჩადენილი დანაშაულებისა და კომპანიაში არსებული ვითარების შესანიღბად და მარკეტინგული პიარის საშუალებით წარუმატებლობის დასაფარად. დღეს როდესაც ახალი ხელისუფლების მხრიდან შეწყდა ბიზნესზე ზეწოლა და ბიზნესმენებს მოგვეცა რეალური ბიზნესის კეთების შესაძლებლობა, ისინი ამ გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მათი უუნარობის ჩემს სახელთან დაკავშირებას.
მოვუწოდებ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, შეწყვიტონ ძველ ხელისუფლებასთან გარიგებით ჩადენილ ქმედებებზე თავის სამართლებლად, პრესკონფერენციების და დემაგოგიური განცხადებების გავრცელება. თუ ნამდვილად უნდათ მათი შელახული იმიჯის რეაბილიტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის ნაცვლად, დააბრუნონ ძველ ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესმენებზე უკანონოდ წართმეული აქტივები,რითაც დავრწმუნდებით ჩვენც და საზოგადოებაც, რომ „თიბისი ბანკი" ამ საქმეებში იძულებით და ზეწოლით მონაწილეობდა და არა ენთუზიაზმით.
მივმართავ პროკურატურას! დააჩქაროს პროკურატურაში ჩვენს მიერ 2012 წლის დეკემბერში შეტანილი საჩივარის გამოძიება - ძველი ხელისუფლების და თიბისი ბანკის უკანონო მოქმედებების გამოსაძიებლად! გამოაშკარავდეს და ღიად დაფიქსირდეს ბიზნესის წართმევის უკანონო სქემა, რათა აღარასოდეს გაუჩნდეს ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათთან გარიგებაში მყოფ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მსგავსი ცდუნების სურვილი, რათა აღიკვეთოს მათი დემაგოგიური განცხადებები და უკანონო ქმედებები.
როგორც ჩანს, ამ ტენდენციით „ელიტ ელექტრონიქსი" მალე აღმოჩნდება გაკოტრების წინაშე, რის შემდეგაც მამუკა ხაზარაძე ან მისი წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, ანზორ ქოქოლაძის ქმედებების გამო კომპანიის გადარჩენა ვერ მოხერხდაო. ასე რომ არ მოხდეს, კიდევ ერთხელ ვუწვდით მშვიდობის ხელს და წინასწარ საჯაროდ ვუცხადებთ მათ:
დააბრუნეთ „ელიტ ელექტრონიქსი", კომპანიის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანიას შემოვაბრუნებთ აქტიური განვითარებისკენ, 2 წელიწადში კომპანია სრულად დაფარავს ყველა კრედიტორის წინაშე არსებულ ვალდებულებას, მათ შორის თიბისი ბანკისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური ზარალის სრული ანაზღაურება მოუწევს თიბისი ბანკს და მამუკა ხაზარაძეს, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ ამ საქმეში მონაწილე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად"- განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.