საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ესაუბრა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო, ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს გარდა, ბიზნესმენებს სთავაზობს: რეგიონში საუკეთესო საჯარო სერვისებს, მარტივ საგადასახადო სისტემას და სწრაფად განვითარებად ინფრასტრუქტურას, საკუთრების და საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თავისუფალ სასამართლო სისტემაზე თავისუფალ წვდომას, ეფექტურ ფინანსურ სისტემას, გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომელიც ბაზარზე თავისუფალი და გამჭირვალე კონკურენციის უზრუნველსაყოფად ხორციელდება. „საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის ჰაბი ვაჭრობისა და ბიზნესის კეთების მიმართულებით და რეგიონული ბაზა მულტინაციონალური საწარმოებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად საქართველო-ამერიკის ბიზნეს-საბჭოში საგანგებო მიღებაც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს სახელით გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრო.