„მთავარია ხალხი და მისი განათლება" ასეთი განცხადება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებსა და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრეს. მსოფლიო ბანკი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა კმაყოფილება გამოხატა ქართული სამთავრობო დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შედეგების გამო. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას და საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას.
საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემაში სრულ მხარდაჭერას და დახმარებას ჰპირდება.
"მთავარია ხალხი და მისი განათლება. მიმართეთ ყველაფერი განათლებაში. ეს არის მსოფლიოს განვითარების მომავალი," - აღნიშნა მსოფლიოს ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
"ჩვენმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. ჩვენ გვინდა მომავალში ეკონომიკურად ძლიერი, პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანა, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროკავშირში"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2014 წელს საქართველო 5-6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მისი შეფასებით, მომდევნო წლების ეკონომიკური პროგნოზებიც ოპტიმისტურია.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა 2014 წელს საქართველოსთვის გადამწყვეტი უწოდა, ვინაიდან აგვისტოში ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას ელოდება.
პრემიერის განმარტებით, ეს გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების სფეროშიც.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯიმ იონგ კიმთან შეხვედრისას მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს უდიდესი პარტნიორია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას მსოფლიო ბანკთან მუდმივი დისკუსია და იდეების ურთიერთგაცვლა აქვს, რაც ყოველთვის სასარგებლოა.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.