"ეროვნული ფორუმის" თავმjდომარის, კახაბერ შარტავას განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში მერის, გამგებლების და საკრებულოების არჩევნებზე ლაპარაკი უადგილოა, უნდა დადგეს სააკაშვილისა და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.
"ის, რაც 13 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვიხილეთ და რაც, საერთოდ, ბოლო დღეებში ქვეყანაში ხდება, არის საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური დივერსია, შანტაჟი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტისაზოგადოებრივი, ანტიადამიანური ქცევა. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, აქტიურია და მობილიზებული, ასეთ დროს დღის წესრიგში მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ჩვენც თუ დემოკრატიულ და სამართლებრივ სამოქალაქო საზოგადოებად და სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ვაპირებთ, ამ მიმართულებით მოგვიწევს ძალისხმევათა შეერთება. ამ სიტუაციაში მერის, გამგებლებისა და საკრებულოების არჩევნებზე ლაპარაკი უადგილოა. ეს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, ბოლო დროის მოვლენები სხვა ინიციატივებით გადაფაროს და შეირჩინოს ყველაფერი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა", - აცხადებს შარტავა.
"ფორუმის" ლიდერი მიიჩნევს, რომ 13 მარტს ძალიან სახიფათო თამაში დაიწყო და ამას გაგრძელებაც მოhყვება.
"სააკაშვილი დიდი ხანია ცდილობს საქართველოს დაშლის პროცესის ლეგალიზება მოახდინოს და ამ ლეგალიზებაში თანამონაწილე ქართველი ხალხი გახადოს. თუ დავაკვირდებით თავად იმ ე. წ. ფილმის სცენარს, ასეთ სურათს დავინახავთ: მტერი - რუსეთი, მობილიზებული მთელი თავისი საბრძოლო შენაერთებით, აპირებს შემოჭრას, მას ეხმარება ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და ამ დროს სად არის ხელისუფლება? jერ მტერი არ არის შემოსული და ხელისუფლება, სააკაშვილი უკვე ბუნკერშია რატომღაც, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი საქართველო უნდა დავდგეთ, მივიდეთ ამ ბუნკერში, გამოვიყვანოთ სააკაშვილი, შემოვეხვიოთ ირგვლივ, დავიცვათ ყველა საფრთხისგან და ვთხოვოთ ჩვენი გადარჩენა. ამით თანამონაწილე უნდა გავხდეთ იმ დანაშაულებებისა, რასაც სააკაშვილი სჩადის, ამაში უნდა დავუდგეთ თურმე გვერდში. ამავე დროს, საშუალება უნდა მივცეთ, კვლავ მოახდინოს უზურპირება აბსოლუტური ძალაუფლებისა ქვეყანაში, არ დაუშვას არც დემოკრატია, არც სამართლიანი არჩევნები, არც ოპოზიციის და არც საზოგადოების აქტივობა. ხელისუფლება ამ პროცესის გაგრძელებას შეეცდება. თუ საზოგადოება არ იქნება მობილიზებული, თუ ხელისუფლების შესაცვლელად კონტრპროცესს არ დაიწყებს და ისევ იმ თამაშში ჩავყვებით, რასაც მერობის კანდიდატებით ჟონგლირება, საკრებულოების წევრობის კანდიდატების რაოდენობის თვლა, პრაიმერები და სოციოლოგიური გამოკითხვები hქვია, ბუნებრივად გავხდებით თანამონაწილენი სააკაშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების თამაშისა, რომლითაც ის საქართველოსაც და დასავლეთსაც აშანტაჟებს", - აცხადებს შარტავა.