საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივს კიდევ ერთი, სამეცნიერო და საზოგადოებრივ - პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტები შეემატა.
ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას პირადი არქივი მისმა ოჯახმა ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 13:00 საათზე სიმონ ჯანაშიას ქალიშვილი რუსუდან ჯანაშია ეროვნულ არქივს ეწვევა და ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს შეხვდება.
ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადაცემული დოკუმენტები მოიცავს სიმონ ჯანაშიას ხანმოკლე ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველ მდიდარ დოკუმენტურ მასალას.
განსაკუთრებით საინტერესოა 1929 წელს ჩერქეზეთში მოგზაურობის დღიური, მასალები ქართველ-ჩერქეზთა ურთიერთობის შესახებ. ისტორიკოსის პირად ფონდში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დოკუმენტებს აფხაზეთის ისტორიის შესახებ; აფხაზური ლექსიკის, მუსიკის, თეატრის შესახებ; აფხაზური ანბანის ტაბულებს, ზღაპრებს, ფოტომასალას, აფხაზურ სკოლებში ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, მასალებს აფზახეთში სამეცნიერო სესიების ჩატარების შესახებ. ასევე, დაცულია მცხეთა-სამთავროსა და არმაზის არქეოლოგიური ექსპედიციების ოქმები, ანგარიშები - 1940-იან წლებში სიმონ ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს მცხეთასა და არმაზში.
ჯანაშიას მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი, ამდენად უმნიშვნელოვანესია მასალები, რომლებიც ეხება საქართველოს, ოსმალეთის, ლაზისტანის ისტორიას; ხეთოლოგიის, არაბების, ხაზარების, სუბერების საკითხებს.
ცალკე ადგილი უჭირავს ამონაწერებს მატიანეებიდან, ქართველ მეფეთა გენეალოგიას, ცნობებს კონსტანტინე პორფიროგენეტზე, სუმბათ დავითის ძეზე, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებზე.
სიმონ ჯანაშიას პირად არქივში დაცული უნიკალური მასალები დიდ სამსახურს გაუწევს ქართველ ხალხს და საისტორიო მეცნიერების განვითარებას.