„ჰაიდელბერგცემენტი" ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის Quarry Life Award კონკურსს იწყებს.
როგორც დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, Quarry Life Award-ის ფარგლებში, საუკეთესო საპროექტო წინადადებისთვის პრიზი 30 000 ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ Quarry Life Award 2012 -ის წარმატების შემდეგ, „ჰაიდელბერგცემენტი" მეორედ აცხადებს საერთაშორისო კვლევით და საგანმანათლებლო კონკურსს მსოფლიოს 21 ქვეყანაში. როგორც ცემენტისა და
აგრეგატების წამყვანი მწარმოებელი, „ჰაიდელბერგცემენტი" უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების მართვას, როგორც წიაღისეულის მოპოვების დროს, ისე შემდგომ პერიოდში.
როგპრც „ჰაიდელბერგცემენტში" განმარტავენ, მსოფლიოს 1000-ზე მეტ კარიერზე კომპანია იღწვის უნიკალური ფლორისა და ფაუნის ხელშეწყობისათვის. კონკურსი - Quarry Life Award მიზნად ისახავს კარიერების ბიოლოგიური ღირებულების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და წვლილის შეტანას ბიომრავალფეროვნების განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ Quarry Life Award-ის პირველივე კონკურსის შედეგად არსებობს ექსტრაორდინალური სამეცნიერო მიღწევები, ასევე, ინოვაციური და საგანმანათლებლო პროექტები ბიომრავალფეროვნების განვითარების ხელშეწყობისთვის.
საპროექტო წინადადების (მაქსიმუმ 3 გვერდი) წარდგენის ვადა:
სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მკველევარებს, მეცნიერებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს 21 ქვეყნიდან შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ საპროექტო წინადადებები 2014 წლის 1 მარტამდე.
უკვე ცნობილია, რომ წარმომადგენლობითი ჟიური პროექტების შეფასების დროს იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით: კრეატიულობა და განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობები, საგანმანათლებლო ასპექტები, პროექტის დამატებითი ღირებულებები (ბუნების დაცვა, ცნობადობის ამაღლება, ბიუჯეტი), ფოკუსირება ადგილობრივ საჭიროებებზე. კონკურსის პირობების თანახმად, საპროექტო წინადადებების წარდგენა 5 ინდივიდუალურ კატეგორიაში არის შესაძლებელი: „ცნობადობის გაზრდა" „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა", „ბიომრავალფეროვნება და ინოვაცია", „ბიომრავალფეროვნება და განათლება" და ასევე „სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა პროექტები". ბოლო, როგორც დამატებითი კატეგორია ითვალისწინებს კონკურსში Quarry Life Award 2014 -ში უმცროსი თაობის ჩართულობასაც.
თითოეული ქვეყანაში ეროვნული ჟიურის მიერ შერჩეული 5 საუკეთესო პროექტის პილოტაჟისთვის 5 თვე ეძლევათ მონაწილეებს (საველე სამუშაოები, კვლევები, ა.შ.). 2014 წლის 30 სექტემბრამდე მონაწილეებმა პროექტი სრულყოფილი სახით უნდა წარადგინონ. კონკურსის შემდეგ ეტაპზე ეროვნული ჟიური 3 საუკეთესო პროექტს გამოავლენს, თუმცა დამოუკიდებლად ეროვნული კონკურსისა, თითოეული ქვეყნის 5
პროექტი Quarry Life Award -ის გლობალურ კონკურსზე განიხილება. საერთაშორისო კონკურსზე თითოეულ კატეგორიაში თითოეული პროექტისთვის დაწესებულია პრიზი-10 000 ევროს ოდენობით, მათ შორის საუკეთესო პროექტის ავტორი კი 30 000 ევროთი დაჯილდოვდება.
პრიზები:
პრიზები ეროვნულ დონეზე გამარჯვებულთათვის თითოეულ ქვეყანაში
I ადგილი - 5,000 ევრო
II ადგილი - 3,000 ევრო
III ადგილი - 1,500 ევრო
პრიზები გლობალურ დონეზე გამარჯვებულთათვის (განისაზღვრება თემატური კატეგორიებით)
ცნობადობის გაზრდა - 10,000 ევრო
ბიომრავალფეროვნების განვითარება- 10,000 ევრო
ინოვაცია და ბიომრავალფეროვნება - 10,000 ევრო
ბიომრავალფეროვნება და განათლება - 10,000 ევრო
სტუდენტთა პროექტები (უნდა იყოს მოქმედი სტუდენტი ან სკოლის მოსწავლე, არა მაგისტრანტი, დოქტორანტი, ან პროფესორი) - 10,000 ევრო.
მთავარი პრიზი ყველაზე საუკეთესო პროექტისთვის შეადგენს 30 000 ევროს!
„ჰაიდელბერგცემენტის" მიერ ინიცირებული კონკურსი უკვე მეორედ იმართება. კონკურსი უკვე იღებს ტრადიციულ ხასიათს, იქედან გამომდინარე, რომ წინა კონკურსმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. თავად კონკურსი მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და განვითარებას იმ ობიექტებზე, სადაც გარიერების დამუშავება ხდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: ეს შეიძლება იყოს გარემოსდამცველი, სტუდენტი, მოსწავლე და ა.შ.
ეროვნული ჟიურის მიერ, რომელთა წევრები ცნობილი პიროვნებები არიან და მათი ერთ-ერთი წევრი გარემოს დაცვის მინისტრიცაა, შეარჩევენ 3 გამარჯვებულ პროექტს. ამის შემდგომ კი ჟიურის რჩეულები მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ კონკურსში, რომელიც წლის ბოლოს ჩატარდება. ამ გლობალურ კონკურსში გამარჯვებული კი საკმაოდ სოლიდურ ჯილდოს მიიღებს"- აცხადებს „ჰაიდელბერგცემენტის" გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ირაკლი მახარობლიძე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ხათუნა გოგალაძის გარდა ეროვნული ეჟიურის წევრები არიან: ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დავით თარხნიშვილი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი გიორგი ლებანიძე; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი, თამაზ გამყრელიძე და „ჰაიდელბერგცემენტის" გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი მახარობლიძე.
„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ თავად ბიზნესსექტორის მხრიდან ხდება გარემოსდაცვითი პროექტებისდა ასევე გარემოსდაცვის კუთხით კვლევებისა თუ საგანმანათლებლო სამუშაოების დაფინანსება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამოკიდებულება და საინტერესო მიდგომა, რომელიც გვინდა, რომ საქართველოში სხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდანაც დავინახოთ"- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. საქართველოში Quarry Life Award 2014 -ის ფარგლებში 3 კარიერია წარმოდგენილი: კავთისხევის კირქვის კარიერი, დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი და გარდაბანის თიხის კარიერი.
"Quarry Life Award არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, ვაჩვენოთ სამთავრობო უწყებებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, გარემოსდაცვით კომპანიებს და ბიზნეს პარტნიორებს, რომ ჰაიდელბერგცემენტი უპირობო ლიდერია ბიომრავალფეროვნების მართვაში. კარიერები წარმოადგენს მეცნიერებისა და ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გარემოს, იმისთვის რომ შეისწავლონ და გამოიკვლიონ ბუნება, ამასთან, გააღრმავონ, როგორც თავიანთი, ასევე ჩვენი ცოდნა. მკვლევარების საქმიანობის სტიმულირება და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია როგორც მკვლევართათვის, ასევე ჰაიდელბერგცემენტის კოპანიებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში",- აცხადებს „ჰაიდელბერგცემენტის" აღმასრულებელი დირექტორი, ბერნდ შეიფელე. შეგახსენებთ, რომ „ჰაიდელბერგცემენტი" არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.