მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე ერთი დღე დარჩა, შესაბამისის განცხადება ამერიკელმა ეკონომისტებმა გააკეთეს. მათი განმარტებით, 31 იანვარი გახდება ახალი მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების ათვლის დღე, რომელიც თავისი ეფექტით 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის ანალოგიური იქნება.
მათი მონაცემებით, აღნიშნულის მიზეზი იქნება ჩინეთის სიმდიდრის მართვის ფონდის China Credit Trust Company-ის გაკოტრება, რომელიც უარს განაცხადებს საკუთარ მეანაბრეებთან ანგარიშსწორებაზე.
ამერიკელი ექსპერტების საფრთხეს იზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ კრიზისი 2008 წლის ანალოგიური არ იქნება.
ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ჩინეთის ხელისუფლება. მით უფრო, რომ კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებებს აქვთ შესაძლებლობა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ სხვადასხვა ფონდებს.
ანალიტიკოსები ასევე განმარტავენ, რომ ჩინეთის ხელისუფლებას გააჩნია საკმარისი რესურსები, რათა პრობლემა არ გაღრმავდეს, თუმცა ეს მაინც დროებით ღონისძიებად ფასდება, რადგანაც ანალიტიკოსების ერთი ჯგუფი ჩინეთის საფინანსო სისტემის ახალ მოდელზე გადაწყობის მექანიზმებში მთელ რიგ არაადექვატურ პროცესებს ხედავს.