ახალი სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსი (Iron Silk Way) ექსპლუატაციაში შესასვლელად ჯერ მზად არ არის. როგორც აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ მუსა პანახოვმა განაცხადა, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
„ოქტომბრისთვის ჩვენ მოვახერხებთ მაგისტრალზე, ბაქოდან პირდაპირ თურქეთის საზღვრამდე პირველი სატესტო მატარებელი გავატაროთ. ტესტირების შემდეგ კი აღნიშნული რკინიგზით კომერციული გადაზიდვებიც განხორციელდება. მაგისტრალის ექსპლუატაციაში სრულად გაშვება 2015 წლისთვის იგეგმება"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ცოტახნის უკან გახდა ცნობილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით ყაზახეთიცაა დაინტერესებული.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ფართო შესაძლებლობებს იძლევა. მაგისტრალის მეშვეობით წელიწადში 16 მლნ ტონა ტვირთის გატარებაა დაგეგმილი და ჩვენც გვსურს, რომ ამ მონაცემებში ჩვენი ტვირთიც იყოს"- განაცხადა, რამდენიმე კვირის უკან, აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩმა ამანგელდი ჟუმაბაევმა.
მისი თქმით, ყაზახეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოურ ბაზრებს ნავთობი და გაზი მიაწოდოს.
როგორც ცნობილია, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თავად პროექტის რეალიზება 2015 წლის პირველი ნახევრიდან მოხდება. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს.
ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბულში, ფოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ამ ხაზით მოხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანები და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად. კომპანიის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ ახალი სარკინიგზო ხაზი გაზრდის ტვირთბრუნვის, კერძოდ კონტეინერებით გადაზიდვადი ტვირთის მოცულობას, თუმცა იმის გამო, რომ სარკინიგზო გზა ახალია, მენეჯმენტის აზრით, მნიშვნელოვანი მოცულობის მიზიდვას დრო დასჭირდება. ამჟამინდელი ტვირთბრუნვის მიხედვით და სარკინიგზო ხაზის დაგეგმილ დროს გახსნის შემთხვევაში, მენეჯმენტი ფიქრობს, რომ 2015 წლისთვის კომპანიას შეეძლება შეცვალოს ამჟამად არსებული მინიმუმ 2 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი (უმთავრესად მშრალი ტვირთის, რომელის გადაზიდვაც ამჟამად სატვირთო მანქანებით ხდება) თურქეთის, კავკასიის, რუსეთისა და ცენტრალური აზიას შორის.
ბაქო_თბილისი_ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა - ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.
მენეჯმენტის აზრით, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის გაზრდილი ვაჭრობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სავაჭრო ნაკადის მოსაპოვებლად, კერძოდ ცენტრალური აზიიდან თურქეთში იმპორტირებული ნედლეულისა და თურქეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის. თურქულ-რუსული ვაჭრობის გათვალისწინებით, მენეჯმენტის აზრით, არსებობს დამატებით მოცულობის მოპოვების შესაძლებლობა, კერძოდ მშრალი ტვირთის, რომლის გადაზიდვაც ამჟამად ირანის, ან რუსულ-შავი ზღვის გზით ხდება.
შეგახსენებთ, რომ კასპიის რეგიონის წლის საუკეთესო პროექტად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი დასახელდა.