ხვალ, 30 იანვარს, 19:00 საათზე, მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის ,,ლურჯი ფრინველი" პრემიერა გაიმართება.
მუსიკალური წარმოდგენა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა დადგა ცნობილი დრამატურგის და ფილოსოფოსის მორის მეტერლინკის გამორჩეული პიესის ,,ლურჯი ფრინველის" მიხედვით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუსიკისა და დრამის თეატრის პიარ-მენეჯერმა ნინო გალეგაშვილმა განუცხადა, "პიესის გმირები მოგზაურობენ ხიფათებით აღსავსე რეალურ და ირეალურ სამყაროებში, რათა ლურჯი ფრინველი ანუ ბედნიერება იპოვონ, თუმცა მას საკუთარ სახლში აღმოაჩენენ.მიუხედავად იმისა რომ მეტერლინკის ,,ლურჯი ფრინველი" თავისი შინაარსით და დრამატურგის მიერ მოცემული პირობებით საკმაოდ დიდი სირთულეს წარმოადგენს თეატრალური სცენისთვის ეს სპექტაკლი პატარა მაყურებელს და არა მარტო მათ კარს გაუხსნის თეატრის ჯადოსნურ სამყაროში. ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპექტაკლის სანახაობით მხარეს, მის მუსიკალურობას, ეფექტებისა და ზღაპრული ხერხების სიმრავლეს".
მუსიკალურ მასალად გამოყენებულია ლეგენდარული ჯგუფის ,,ბითლზი"-ს სიმღერები, სანახაობას კი კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის პერსონაჟების უჩვეულო კოსტუმები.
მონაწილეობენ: ნიტა ლომიძე, ანდრია გაბრიჩიძე, ანა ქურთუბაძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნინო გომართელი, ანა ჯავახიშვილი, ლევან კახელი, ბუბა გოგორიშვილი, ანა დოიაშვილი, სალომე ყიფიანი, მარინა ჯოხაძე, ცისია მეტრეველი, ნინო მითაიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ანა ალექსიშვილი, ანა წერეთელი, მაია ქითლიძე, გიორგი ყველაშვილი, ანა ზამბახიძე, ლაშა რამიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გოგა მოძმანაშვილი, კაკო თოფურია.