16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმება ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რაზეც ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
„მოცემული სამარცხვინო კანონების გაუქმება ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ჩვენ წინ მივდივართ. მთელი უკრაინის მასშტაბით ამნისტიაა საჭირო, ასევე ხელისუფლების სისტემის ფორმირება და 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნება, რომელშიც გადანაწილებული იქნება უფლებამოსილებები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის", _ განაცხადა კლიჩკომ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ნოკოლაი აზაროვის გადადგომას მიიღებს.
„კმაყოფილნი ვართ, მაგრამ საჭიროა პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი მოაწეროს. იმიტომ, რომ მან თუ ხელი არ მოაწერა, ეს იქნება არა თანამდებობიდან გათავისუფლება არამედ ფიქცია",_ განაცხადა კლიჩკომ.