დღეს, 28 იანვარს, იერუსალიმში საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, აღნიშნულის შესახებ განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა გააკეთა.
ელკინის განმარტებით კომისიას ორივე ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირები უხელმძღვანელებენ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველ სხდომაზე განხილვის ძირითადი თემა სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობა იქნება.
„როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ისრაელში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა. მან საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები გამართა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრთან. შესაბამისად, კომისია უფრო დეტალურად განიხილავს ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხს,"- განმარტა ელკინმა.
მისივე განმარტებით, საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ ასევე მაღალი ტექნოლოგიების დარგში თანამშრომლობაზე, რადგანაც ისრაელი ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა.
„კომისიის სხდომაზე მსჯელობა იქნება ასევე კიბერუსაფრთოებაზე,"- განმარტავს დიპლომატი.
მასალის გამოყენების პირობები