ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, 28 იანვარს, რუსეთთან სამიტის პროგრამა შეამცირეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ვახშამი აღარ გაიმართება.
როგორც Financial Times წერს, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს: ევროკავშირმა რუსეთს გააგებინა, რომ სამიტზე ადამიანის უფლებებზე და ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
"ეს "სამუშაო" შეხვედრა არ არის. დროა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებში. ჩვენ წვრილმანი თემების განხილვას არ ვგეგმავთ,"-განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
დიპლომატის აზრით, "რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა "გახურებული." მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის იმ ეკონომიკურ ზეწოლაზე აპირებს კითხვების დასმას, რომელმაც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოციაციის შესახებ შეთანხება ჩაშალა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გამოსვლები 21 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, როდესაც მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ უკრაინა ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმებას ხელს აღარ მოაწერდა.