"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის" წევრი ნანა კაკაბაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს დასკვნა საქართველოში შექმნილ მდგომარეობას რეალურად ასახავს.
კაკაბაძე განსაკუთრებით კმაყოფილი ანგარიშის იმ ნაწილით დარჩა, სადაც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზეა საუბარი.
"ძალიან კარგი ანგარიშია და საკმაოდ ობიექტურად არის შეფასებული რეალობა, ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში არსებობს - პოლიტპატიმრები, ციხეებში არსებულ მდგომარეობა, სასამართლო და სხვა", - აცხადებს კაკაბაძე.
კაკაბაძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ აუცილებლად შეიცვლება. მისი თქმით, ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ ამერიკაში საქართველოს დემოკრატიის შუქურად უკვე აღარ აღიქვამენ.
"როდესაც აშშ სახელმწიფოს დონეზე აღიარებს, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები და პრობლემებია სიტყვის თავისუფლების კუთხით, ყოველივე ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიის შუქურა. გამომდინარე აქედან, აშშ-იდან ხელისუფლების მხარდაჭერა შემცირდება, რადგან ანგარიშიდან გამომდინარე, თუ ასეთ ქვეყანას ეხმარები, არც შენ თვითონ ხარ დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა კაკაბაძემ