2013 წლის 26 დეკემბერს 18:30-ზე მწერალთა სახლში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჟურნალ „მნათობის" სრული კოლექციის ციფრული ვერსიის პრეზენტაციას გამართავს.
ჟურნალი მნათობი 1924 წელს დაარსდა. მასში იბეჭდებოდა ქართული საბჭოთა მწერლობის თითქმის ყველა ნაწარმოები. ამ მხრივ „მნათობი" წარმოადგენდა მაშინდელი მწერლობის სახეს. იგი სისტემატურად აშუქებდა ასევე საქართველოს სამეურნეო-პოლიტიკური და სამეცნიერო ცხოვრების საკითხებსაც. მან არაერთი ახალგაზრდა შემოქმედი გამოავლინა.
ჟურნალი „მნათობი" ქართული საბჭოთა მწერლობის ერთგვარი მატიანეა და მისი როლი საბჭოთა პერიოდის ქართული კულტურის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია.
ქართული მხატვრული მწერლობის ისტორიაში არც ერთ ჟურნალსა თუ გაზეთს ასე დიდხანს არ უცოცხლია. „მნათობის" გვერდით იქმნებოდა და ქრებოდა მრავალი ჟურნალი და გაზეთი, მრავალგვარი სალიტერატურო თუ სხვა ტიპის ბეჭდვითი ორგანოები.
„მნათობის" პოპულარობას ისიც ადასტურებს, რომ ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს ოჯახებში ჰქონდათ დაცული ამ ჟურნალის თითქმის სრული წლიური კომპლექტები. ისინი მოსკოვის გვერდის ავლით იღებდნენ მათ გერმანიისა და საფრანგეთის ბუკინისტებისაგან. დღეისათვის ძალზე იშვიათია საქართველოში კერძო ბიბლიოთეკა, სადაც მნათობის სრული კომპლექტებია დაცული. თაობების ცვლასთან ერთად მისი იშვიათობა იზრდება.
ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსებით განხორციელდა ჟურნალის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა და ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში" განთავსება. მსურველებს შეუძლია წაიკითხონ ჟურნალი „მნათობი" ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: www.dspace.nplg.gov.ge