საკანონმდებლო ორგანომ 2014 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი 86 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა.
როგორც მომხსენებელმა პროექტის წარდგენისას განაცხადა, პროექტით, 2014 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3.5%-ს შეადგენს, ნომინალურ გამოხატულებაში კი, მთლიანი შიდა პროდუქტ 29,3 მილიარდი ლარია.
აღნიშნული პროგნოზებიდან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2014 წელს 7 230.0 მლნ ლარით განისაზღვრა. როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია, რომ მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება. მისივე თქმით, გათვალისწინებულია დაახლოებით 150.0 მლნ. ლარის ოდენობით წინა წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებაც.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080.0 მლნ. ლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა ორი თვე მიმდინარეობდა. ბიუჯეტმა საბოლოო სახე მიიღო, თუმცა ცხადია, პრიორიტეტები არ შეცვლილა და ეს კვლავ არის სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და განათლება.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2014 წლის ასიგნებები სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 313.0 მლნ. ლარით და შეადგენს 2 658.0 მლნ. ლარს; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 84,3 მლნ. ლარით და შეადგენს 754,3 მლნ. ლარს; სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 22,5 მლნ. ლარით და შეადგენს 263,5 მლნ. ლარს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 875.0 მლნ. ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 87,0 მლნ. ლარი, რაც მიმდინარე წლის ასიგნებებს 32,0 მლნ. ლარით აღემატება; იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 10.9 მლნ. ლარით, რადგან წარმოდგენილ პროექტში არ არის გათვალისწინებული იუსტიციის სახლების მშენებლობა; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ასიგნებები შემცირებულია 17.4 მლნ. ლარით, რაც დაკავშირებულია პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებასთან; ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილია 114,6 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში 6,5 მლნ. ლარი მიიმართება იმ სოფლების ელექტროფიცირების დასრულებისათვის, რომელთაც დღემდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია; ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 4,0 მლნ. ლარით და შეადგენს 96,0 მლნ. ლარს; საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 90,0 მლნ. ლარს; თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 660,0 მლნ. ლარს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 600,0 მლნ. ლარი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 80,0 მლნ. ლარი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 53,9 მლნ. ლარს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 48,0 მლნ. ლარი, საიდანაც 38,7 მლნ. ლარი მოხმარდება დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციას;გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 31,0 მლნ. ლარი.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელიც პარლამენტმა გამოთქვა განხილვების პროცესში, რომელიც ორი თვე მიმდინარეობდა. ბიუჯეტმა საბოლოო სახე მიიღო, თუმცა ცხადია, პრიორიტეტები იგივეა, ეს არის სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება. მომავალი წლიდან ბიუჯეტი იწყებს ბიზნესის წახალისებას. ამისთვის ორი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ერთი, სახაზინო ვალდებულებებით მიღებულ შემოსავლებს განვათავსებთ საბანკო ანგარიშებზე და ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, გრძელვადიანი კრედიტი გასცენ; მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გაეზრდება დაფინანსება, რომელიც ბიზნესის, ე.წ. „სტარტაპების" დაფინანსებას მოხმარდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით კი, პარლამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების დიდი ნაწილი პროექტში ნამდვილად არის გათვალისწინებული და რიგი შენიშვნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული, სამინისტროს მიერ უმეტეს შემთხვევაში არგუმენტირებული და დასაბუთებულია.
მისივე თქმით, გარკვეული შენიშვნების რეალური აღსრულება უბრალოდ ვერ მოხერხდა 2014 წელს, თუმცა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ ეს შენიშვნები მომავალ წელს, 2015 წლისთვის იქნება შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული.
კანონმდებლებმა დღეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონპროექტები I მოსმენით განიხილეს და მას მხარი ერთხმად დაუჭირეს. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"კანონპროექტით სავალდებულო ხდება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, იცვლება იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის მარეგულირებელი ნორმები, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების მიმართ დგინდება ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა, კანონპროექტითვე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ენიჭება იძულებით მართვის (სეკვესტრის) გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონპროექტი ეხება იძულებითი აუქციონის გზით ქონების რეალიზაციისას პირველი და ორი განმეორებითი აუქციონის ჩატარების, სეკვესტრის გამოყენების წესსა და პირობებეს, კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ზოგადი წესით ჩატარებული აუქციონის ფორმისაგან უძრავი ნივთის განსხვავებული ფორმით რეალიზაციის პირობებს.
პარლამენტმა „მეურვეობის კანდიდატის შერჩევის საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ერთხმად მიიღო. დღესვე, პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება 68 ხმით, ერთხმად, მიიღო.