ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირა"-ს მხარდაჭერით, 2013 წლის 12 დეკემბერს, პარიზში ორი ქართველი ტალანტი - ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე ფრანგული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან.
ფონდ „ლირას" ექსკლუზიური კონცერტი, „SOS Talents Foundation - Michel Sogny"-სთან ერთად ხორციელდება. კონცერტი პარიზში, ელისეის მინდვრების პრესტიჟულ დარბაზში გაიმართება.
10 წლის ილია და ბარბარე საფრანგეთის მაღალი საზოგადოების წინაშე რთული სოლო პროგრამით გამოვლენ. სოლო გამოსვლის გარდა, პატარა ვირტუოზები რამოდენიმე მუსიკალურ ნომერს ოთხ ხელში შეასრულებენ.
„მიხარია, რომ შევძელით და „ლირა"-ს მეშვეობით, ბარბარე და ილია პარიზში გამოემგზავრებიან. პატარა ტალანტებს პირველად რამდენიმე წლის წინ მოვუსმინე. მაშინ ძალიან პატარები იყვნენ - 5 და 7 წლის. მას შემდეგ ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ საერთაშორისო ასპარესზე გამოჩენას. ძალიან სასიხარულოა, რომ კონცერტში ქართველი ტალანტების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ გააჟღერებს საქართველოს სახელს და ელიტარული საზოგადოების დიდ ყურადღებას მიიპყრობს."- აცხადებს ელისო ბოლქვაძე.
„ლირა" მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Foundation - Michel Sogny" რომელსაც საქართველოში უკვე კარგად იცნობენ. „SOS Talents"-მა უკვე ბევრ ქართველ ახალი თაობის პიანისტს მისცა საშუალება, გაეკაფათ გზა საერთაშორისო ასპარეზისკენ.
გალა კონცერტს პარიზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - ბატონი გურამ ოდიშარია დაესწრება.
ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი „ლირა" ახლახანს დაარსა. ფონდი ხელს უწყობს ქართველი ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და განვითარებას.
ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. იგი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, კონცერტებს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში ევროპას, ამერიკასა და რუსეთში მართავს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. ელისო ბოლქვაძე არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგულარულად გადაიცემა ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე, რამაც პიანისტს დიდი საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. ელისო ბოლქვაძე ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის - Music Fest- ის არტისტული დირექტორია.