განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად გარემონტდება. ამის შესახებ მინისტრმა ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
შაშკინმა დღეს აჭარის რეგიონის პროფესიული სასწავლებლები მოინახულა, მათ შორის ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრი, სადაც კვალიფიციურ კადრებს ტურიზმის სფეროში დასასაქმებლად ამზადებენ.
როგორც შაშკინმა ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელში სტუმრობისას აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ცენტრების გაძლიერებას, რომელთაც მთელი რეგიონის სტუდენტთა მიზიდვის მიზნით, ძლიერ სასწავლო ბაზასა და ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, სასურველია ჰქონდეთ კომფორტული საერთო საცხოვრებლები ან სატრანსპორტო საშუალებები. აქედან გამომდინარე, მინისტრის გადაწყვეტილებით ქობულეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც, მისი თქმით, 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.
შაშკინის განცხადებით, ცენტრში საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციასთან ერთად დამატებით 30 კლასკაბინეტიც გაკეთდება.
"შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში გაიზრდება კვალიფისიური კადრების მომზადების დონე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას", - აღნიშნა შაშკინმა.
როგორც ცნობილია, ქობულეთის პროფესიული ცენტრის სასწავლო კორპუსს 2006-2007 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. 2008-2009 წლებში თეორიული მეცადინეობა 191 პროფესიულმა სტუდენტმა დაამთავრა და პრაქტიკებზე სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორანში განაწილდა. ამჟამად ცენტრში 201 პროესიული სტუდენტი სწავლობს.