ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ბოლო დღეებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტის კიდევ ერთხელ დაფიქსირება ან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიზანმიმართულად დისკრედიტირებას ემსახურება, ან ამავე უწყების მაღალი თანამდებობის პირების დაუდევრობასთან გვაქვს საქმე, რადგან არაერთხელ დაფიქსირებული პრობლემა ისევ აქტუალურია და მისი მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
როგორც არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, საბოტაჟის ვერისის შემთხვევაში, შესაძლოა, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტით ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე ირაკლი ალასანიას დისკრედიტირებას ცდილობენ.
"ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ძალიან სეროზულად მიმაჩნია. ჯარისკაცების მოწამვლას პერმანენტურლი სახე მიეცა და ამ შემთხვევაში ბრიგადის მეთაურიც არის მოწამლული. ჩვენ გვახსოვს როგორი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ფაქტმა ივანიშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ესეც რომ არ იყოს, არ არის საჭირო ამ შეხვედრის გახსენება და ყურადღების გამახვილება. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ტენდერები, რომლებიც ჩატარდა კვებასთან დაკავშირებით, საზოგადოება უკმაყოფილო დატოვა და ამ შემთხვევაში საყურადღებო იყო ტენდერების ჩატარების ფორმა. მე ვერ ვიტყვი უკანონოდ ჩატარდა თუ არა ეს ყველაფერი. რეალურად ხდება ასეთი რამე და ფაქტია, ერთხელ მოხდა, ორჯერ მოხდა, შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება მაგრამ ისევ მეორდება. ესიგი რაღაცაშია საქმე, ან საბოტაჟთან გვაქვს საქმე, ან უთავბოლოობასთან და ორივე შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დროზე უნდა გარკვეულიყო ამ საკითხში. მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზეც, რომ ეს უკვე არაერთხელ მოხდა, არა მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების წინა პეროდში, არამედ უფრო ადრეც, შესაძლოა მთელი კამპანია თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ხელმღვანელობის დიკრედიტაციას ემსახურებოდეს. ეს გამოსარკვევია უთავბოლოობაა თუ საბოტაჟია,"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება თავდაცვის უწყებაში შესაძლო მიზანმიმართული საბოტაჟით დაინტერესებული პირების ვინაობას, არეშიძის თქმით, ”სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში, რბილად რომ ვთქვათ, უკანონო ქმედებებში იყვნენ შემჩნეულნი”.
"ასეთი ხალხი ყველა ძალოვან სტრუქტურაში არსებობს და მათ შორის თავდაცვის სამინისტროში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემთვის ცნობილია ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც სულ მცირე იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდნენ, თუმცა ბუნებრივია მე მათ სახელებს და გვარებს ახლა ვერ დავასახელებ. აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას დროზე რომ მოევლო ამ ხალხისთვის, შეიძლებოდა ახლა ამ პრობლემებზე არ გველაპარაკა. არ ვიცი რა ძალები შეიძლება იყვნენ საბოტაჟში ჩართულნი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მეხუთე კოლონის ხალხი იყვნენ თვითონ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ უთავბოლოობის ვერსიასაც, რომელიც ტენდერის ჩატარებასთან ყოფილიყო კავშირში,"- აღნიშნა არეშიძემ.
ცნობისთვის, ოსიაურის საცდელ ბანაკში საქართველოს შეიარაღებული ძალების 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა.
ფაქტთან დაკავშირებით "ქართული კვების კომპანია" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ჯარისკაცები მსუბუქ დიარეას უჩიოდნენ. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია და ისინი უკვე დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს.
როგორც "ქართული კვების კომპანიაში" განმარტავენ, გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას და იგი უკვე დათხოვნილია სამსახურიდან.