ექსპერტი მამუკა არეშიძე "რუსთავი 2"-ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტის ემა გოგოხიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საეჭვოა გოგოხიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა.
როგორც არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, მას არ გონია, რომ მაღალი თანამდებობის პირები და მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრი ან მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ემა გოგოხიას კონსპირაციულ ბინაში შეხვედროდნენ და გარკვეული თანამშროლობის სანაცვლოდ რაიმე შეეთავაზებინათ.
რაც შეეხება უშუალოდ ხურჩის ტერაქტის საკითხს, არეშიძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მომხდარი შემთხვევა ხელოვნურად დადგმული იყო და ამაზე თავდაპირველად გავრცელებული დაუმონტაჟებელი კადრებიც ნათლად მეტყველებს, რომლებშიც ჟურნალისტების და ადგილზე მყოფი ადამიანების რეპლიკებიც მოხვდა.
"მე მაშინვე ვიცოდი, რომ ეს დადგმული იყო. ჯერ ერთი, რომ ვუყურებდი ამ კადრებს მაშივე ჩანდა, მაგრამ თვითონ ადგილობრივი ჟურნალისტებისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, როგორ დადგეს მთელი ეს ღონისძიება. ჯერ კიდევ მაშინ სასაცილოდ არ ყოფნიდა სამეგრელოში დისლოცირებულ ჟურნალისტთა კორპუსს ეს ამბავი. არ ვიცი ზუსტად ვისგან მოდიოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ თბილისში მე იმათგან ჩამომივიდა, მოგეხსენებათ, თავის დროზე ამ სფეროს წარმომადგნლებთან აქტიური კონტაქტები მქონდა. გარდა ამისა, როდესაც მე მომეცა საშუალება თვითონ ორიგინალი მენახა, იქ ისმის ადამიანების სიტყვები - "დამთავრდა გადაღება?" და ასეთი რამეები. რაც შეეხება ემა გოგოხიას მონაყოლს, არ ვიცი იყო თუ არა ასეთი შემთხვევა, მაგრამ არ მგონია 4 ადამიანი და მით უმეტეს ლაშა ნაცვლიშვილი ან ირაკლი ალასანია შეხვედროდა ემა გოგოხიას იმისთვის, რომ ამ თემაზე ელაპარაკათ,"- განაცხადა მამუკა არშიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მის მიმართ ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა. გოგოხიას თქმით, აღნიშნულმა პირებმა იგი კონსპირაციულ ბინაში დაიბარეს და 2008 წელს ხურჩაში მომხდარი ტერაქტის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების "გაპრავების" სანაცვლოდ გარკვეული პირობები შესთავაზეს.
2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა გამოიკვეთა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დააკავეს. შამათავასთან ერთად დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.
შსს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
"კერძოდ, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას. დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ ,,ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.