19 ნოემბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში „მეცნიერების კვირეულის" ფარგლებში „მთვარის მუზეუმის" გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში პირველად იქნება წარმოდგენილი აპოლო 12 - ის არტეფაქტები: მოდულის ფოლგა, სადაც ჩიპი იყო მოთავსებული და მისი მეტალისგან დამზადებული მონეტები და რაც ასევე საინტერესოა „მთვარის მუზეუმის" ფარგლებში რამდენიმე თანამედროვე მხატვრის მიერ სპეციალურად ამ მოვლენისადმი შექმნილი ნამუშევარი.
კონსტანტინე მინდაძის ნამუშევარი „დროის, სივცისა და თარიღის გარეშე" და ონ კავარას ნამუშევარი „ჯერ ისევ ცოცხალი ვარ" ხაზს უსვამენ აწმყოს რელევანტურობას და ატარებენ ეგზისტენციალურ ხასიათს. როკო ირემაშვილის ასტრონავტების მონუმენტური პორტრეტები ემოციურად ხსნიან მათ რეალურ განცდებს და არსებულ დოკუმენტურ მასალასთან ერთად აცოცხლებენ ისტორიას. მანუჩარ ოქროსცვარიძის და კონსტანტინე მინდაძის წარმოდგენილი სკულპტურები და რიჩარდ სერას ჩანახატები წონისა და უწონადობის პრინციპებს ეხმაურებიან.
1969 წლის 20 ივლისს, პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კაცობრიობის ისტორიაში „გიგანტური ნაბიჯი" გადადგა. ამერიკელმა ასტრონავტმა, ნილ არმსტრონგმა პირველმა გაიარა ფეხით მთვარეზე...ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს „ნასას" მიერ 1969 წლის, 14 დან 24 ნოემბრის ჩათვლით მთვარეზე რიგით მეექვსე პილოტირებული მისია განხორციელდა. აღნიშნული მისიის მიზანი უფრო მეტი სეისმოლოგიური, სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემის შეგროვება და ფართო სელეონოლოგიური დაკვირვება იყო. ეს სამკაციანი შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი ასტრონავტებით.ესენი იყვნენ: ალან ბინი, ჩარლზ "პიტ" კონრადი და რიჩარდ გორდონი."მთვარის მუზეუმის" იდეის დაბადებას და მის განხორციელებას საინტერესო ისტორია აქვს. 1960-იან წლებში ნასამ ინიციატივით მიმართა მხატვრებს, რომ აპოლოს წარმატებით განხორციებული მისიიდან გამომდინარე შეექმნათ ნამუშევრები.
„ექვსი დიდი მხატვრის შეკრება და ერთად მთვარეზე პატარა მუზეუმის შექმნა ჩემი იდეა იყო" - ამბობს ფორესტ „ფროსტი" მაიერსი. ენდი უორჰოლი, რობერტ რაუშენბერგი, დევიდ ნოვროსი, ჯონ ჩემბერლეინი, კლაუს ოლდენბურგი და თვითონ ფორესტ მაიერსი არიან ის მხატვრები, რომელთაც შექმნეს გამოსახულებები მთვარის მუზეუმის იდეის გარშემო. „ეს ძალიან დიდი რამ იყო ხელოვანისათვის...ჩვენ გავცდით პლანეტას" - ამბობს ფორესტ მაიერსი.ტექნოლოგიური ჩარევის შედეგად ნამუშევრების მასშტაბები დააპატარავეს და ერთი მცირე ზომის კერამიკულ ჩიპზე განათავსეს. „გრუმანის" ინჟინრების დახმარებით ერთ - ერთი ჩიპი აპოლო 12 - ის „ლემ - 6"- ის კოსმოსური ხომალდის მოდულში მოათავსეს და მთვარეზე გაამგზავრეს...ხომალდი მთვარეზე 1969 წლის 19 ნოემბერს დაფრინდა...