ჩემს სიტყვას, ჩემს პოზიციას ამ შემთხვევაში რაიმე მნიშვნელობა რომ ჰქონდეს, პირადად მე, ოლიმპიადაზე არ წავიდოდი, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოეტი თამაზ ჭილაძე და აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია ემოციური და სუბიექტური საქციელი იქნებოდა. "ამიტომ ვფიქრობ, იქნებ აჯობებს, დაველოდოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას".
"მე პოლიტიკოსი არა ვარ, ჩვენს უკიდურესად პოლიტიზებულ გარემოში ღმერთმა დამიფარა ამისგან. თუმცა ერთი რამ კი მწამს _ დღევანდელ დღეს მწერლობა, საერთოდ კულტურა უნდა იქცეს ჩვენს დიდ პოლიტიკად, ერთ-ერთ არსებით, აქტუალურ სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად. წინა ხელისუფლებამ ისე დაამთავრა მოღვაწეობა, თეატრში არ შესულა (`ქეთო და კოტესა~ და თავიანთ ქვეყნებში ჩამოწერილი მომღერლების კონცერტებს არ ვგულისხმობ), წიგნი არ გადაუშლია, არავითარი კულტურული მოვლენით არ დაინტერესებულა. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ძეგლების გადაადგილ-გადმოადგილებით (გავიხსენოთ დავითის ძეგლის ადგილას _ ველოსიპედი!), თუ აფეთქებით, წარსულის დიდებული ნანგრევების დამღუპველი კოსმეტიკით იყო დასაქმებული, თითქოს დაავიწყდა, რომ ასეთი ნანგრევების ხელის ხლება არ შეიძლება, ასეთი რამ შესაძლებელი რომ იყოს, ვინ დაასწრებდა იტალიელებს, ბერძნებს, ან თუნდაც სომხებს თავიანთი ნანგრევების აღდგენას! ბევრი რამ, რაც ძველია, მარადიულიცაა! ბაგრატის ტაძარი თითქოს განგებ ნანგრევის სახით მოავლინა განგებამ იმის შესამოწმებლად, მარტო ქვების გროვას ხედავდი, თუ დიდებულ, იდუმალი, ზეციური შუქით გასხივოსნებულ ტაძარს, რომელიც ყოველ წამს გვახსენებდა, ვინ ვიყავით, ვისი გორისა. ბაგრატი დღეს ჩვეულებრივ ტაძრად გადააკეთეს, ის დიადი სიჩუმე კი, რომელსაც ასხივებდა, წარსულის ხმა იყო, ხმა ჩვენი ისტორიისა, ხალხის უკვდავი სულისა. ბოლო წლებში შეინიშნებოდა უცნაური ტენდენციაც არქიტექტურაში, რომელსაც ძირითადად უცხოელი ხუროთმოძღვრები წარმოადგენდნენ _ შენობა უნდა მგვანებოდა ყველაფერს, გარდა... შენობისა! გავიხსენოთ წყვილი ყანწივით ნებივრად მიწოლილი ნაგებობა რიყეზე, ანდა ბათუმის ახალი, ეპიგონური ხასიათის უბნები, რომლებმაც ნაწილობრივ, მაგრამ საგრძნობლად დაუკარგეს თავისთავადობა ამ ულამაზეს ქალაქს", - აცხადებს ჭილაძე