საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს, რომელშიც ის აცხადებს, რომ საქართველოში შეიქმნება ისეთი საზოგადოება, რომ თავად აფხაზები და ოსები მოისურვებენ საქართველოში ცხოვრებას, აფხაზი სეპარატისტები ეხმაურებიან.
„ყველაფერი ისევ ძველებურადაა. იგივე შეცდომითი მიდგომა. რეგიონში არსებული სიტუაციის რეალური და პრაგმატული გააზრების არარსებობა", _ წერს სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
„რამდენი შეიძლება ისაუბრო აფხაზური პრობლემების განხილვის ქართულ-რუსულ ფორმატზე? და ყველაზე მთავარი: არ მოუნდებათ აფხაზებს საქართველოში ცხოვრება, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლისთვისაც საქართველო არამხოლოდ მტრული, არამედ სრულიად უცხო სახელმწიფოა. დამოუკიდებელ აფხაზეთს ალტერნატივა არ აქვს", _ წერს ირაკლი ხინთბა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ „ბი-ბი-სის" რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში შეიქმნება ისეთი საზოგადოება, რომ აფხაზები და ოსები თავად მოისურვებენ საქართველოში ცხოვრებას.
„ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას საქართველოში, სადაც ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის, ნებისმიერი მოქალაქის იქნება არამხოლოდ გარანტირებული კონსტიტუციით, არამედ ეს ხილული იქნება პრაქტიკაშიც.
ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, სადაც ჩვენი აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეები მოინდომებენ ცხოვრებას",_ განაცხადა საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.