კანადის ფრანგულენოვან პროვინცია კვებეკში 5 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე „კვებეკის პარტიამ“ (Parti Québécois) გაიმარჯვა და ხელისუფლებაში დაბრუნდა. პარტიას პოლ სენტ-პიერ პლამონდონი ხელმძღვანელობს. იუწყება Reuters
პარტიამ 127-წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 59 მანდატი მოიპოვა, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო 64 მანდატზე ნაკლებია. შესაბამისად, „კვებეკის პარტია“ უმცირესობის მთავრობას ჩამოაყალიბებს და მნიშვნელოვანი კანონების მისაღებად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება.
ეს პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებაა 2014 წლის შემდეგ. არჩევნების შედეგად ასევე დასრულდა ცენტრისტულ-მემარჯვენე „კოალიცია კვებეკის მომავლისთვის“ (CAQ) რვაწლიანი მმართველობა. CAQ-მ, რომელიც არჩევნებამდე 79 მანდატს აკონტროლებდა, ყველა ადგილი დაკარგა.
პლამონდონი კვებეკის კანადისგან დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ კენჭისყრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ გაიმართება.
ამასთან, საერთაშორისო მედიის ცნობით, „კვებეკის პარტიის“ გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. Reuters-ისა და AP-ის მონაცემებით, დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია.
არჩევნების შედეგს მნიშვნელობა აქვს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთვისაც, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის ფონზე ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება უწევს. კარნიმ უკვე განაცხადა, რომ კვებეკის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას გეგმავს.