საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 27 ოქტომბერს - პრეზიდენტის არჩევნების დღეს, დათხოვნაში (სამსახურეობრივი მოვალეობა არჩევნების დღეს მათ ქვედანაყოფში ყოფნას არ მოითხოვს) იმყოფებიან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
იმის გათვალისწინებით რომ, სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე ყველა სამხედრო მოსამსახურე, 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის დათხოვნაში ვერ იქნება და რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 16 საარჩევნო უბანზე სპეციალური სიების მეშვეობით.
საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და მიღებული გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მოსამსახურეები (მათი მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე), მიმაგრებულნი არიან ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი დისლოკაციის ადგილის მიხედვით 21 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რაც მათ საშუალებას მისცემს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ სამხედრო ნაწილებთან გახსნილ უახლოეს საარჩევნო უბანზე სხვა ამომრჩევლებთან ერთად.
ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა დისლოკაციის ადგილებში არ არის შექმნილი გამონაკლისი საარჩევნო უბანები და სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ნაწილის გარეთ შექმნილ ძირითად საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემას ზრუნველყოფს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.
სპეციალური სიებით პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა 30%-ი მიიღებს, მათ შორისაა ავღანეთში დისლოცირებული ქართველი სამხედროებიც.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა სპეციალური სიები შეადგინეს შესაბამისმა სამხედრო ნაწილების მეთაურებმა და გადასცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს კანონით დადგენილ ვადებში, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით, განახლებული სიები საარჩევნო ოლქებს 18 ოქტომბერს მიეწოდა.
ასევე, კანონით დადგენილ ვადებში გადაეცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე საკონტრაქტო და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების სიები.
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე მოსამსახურეებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს, რომლის შედეგები ცნობილი გახდება 27 ოქტომბერს, საერთო არჩევნების კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ცესკო-მ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის სპეციალური სიებით საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო.
საქართველოს მასშტაბით შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებში პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ხმის მიცემის პროცესს კი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე აკრედიტებული უცხოელი დამკვირვებლები დააკვირდებიან.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომლებიც დაუყონებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანს (ძირითადი საარჩევნო უბანი). დადგენილი წესის მიხედვით, ძირითადი საარჩევნო უბანი ხსნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთს და მასში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები. ძირითადი საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.
მასალის გამოყენების პირობები