საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა
და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას
25,2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და EBRD-ის რეგიონულმა
დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ (Bruno
Balvanera). ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი,
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაესწრო.
ხელშეკრულების ფარგლებში,
განხორციელდება კავკასიონის გადამცემი ხაზიდან ჯვარის ქვესადგურამდე და ჯვარის ქვესადგურსა
და ხორგას ქვესადგურებს შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. პროექტს განახორციელებს
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა".
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი
პროექტია, რომელიც 25 მლნ. ევროს ინვესტირებას
ითვალისწინებს ქართულ ენერგეტიკულ სისტემაში. EBRD არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული
ინვესტორი და ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის
განმტკიცებას, ასევე, გაზრდის საექსპორტო პოტენციალს", - განახცხადა საქართველოს ფინანსთა
მინისტრმა, ნოდარ ხადურმა
ქვეყნის ენერგეტიკული
სექტორის განვითარების კუთხით პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს
ენერგეტიკის მინისტრმაც. კახა კალაძის განცხადებით, იგეგმება ახალი ელექტროგადამცემი
ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა დასავლეთ საქართველოში.
„უახლოეს მომავალში უახლესი
ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტუით აღჭურვილი
ჰიდრო ელექტრო სადგურები გვექნება და შესაძლებელი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,"
- აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
„ეს არის EBRD-ის მეორე
პროექტი დასავლეთ საქართველოში გადამცემი ქსელის გაძლიერების კუთხით, რომელიც ხელს
შეუწყობს სისტემის გაძლიერებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს
ქვეყანას ექსპორტი განახორციელოს თურქეთში
- EBRD", - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა
დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და
ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.
დღესვე, სს „საქართველოს
სახელმწიფო ელექტროსისტემას" და EBRD-ის შორის გაფორმდა საპროექტო მშენებლობის შესახებ
ხელშეკრულება.
კონსულტაციების შედეგად
"500/220კვ ქვესადგურის „ჯვარი" და შესაბამისი ხაზების მშენებლობის პროექტის" დაფინანსების
თაობაზე შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად
მიღწეულია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთანაც (KfW).
პროექტი მთლიანად ითვალისწინებს:
-
ახალი 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას ჯვარში;
-
კავკასიონის გადამცემი ხაზიდან ჯვარის ქვესადგურამდე
და ჯვარის ქვესადგურსა და ხორგას ქვესადგურებს შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.
პროექტის
მიზანია, ქვეყნის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის
მიწოდება დასავლეთ საქართველოსთვის, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის
მიმართულებით, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდების ზრდა აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებითაც.
აღნიშნული
პროექტის განხორციელება იგეგმება ევროპის რეკონსრტუქციისა და განვითარების ბანკის
(EBRD - 25,2 მლნ ევრო),
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW - დაახლოებით 22,1 მლნ ევრო) და ევროკავშირის
(NIF - 8,0 მლნ
ევრო) ფინანსური მხარდაჭერით.
KFW-სთან ხელშეკრულება, სავარაუდოდ,
წლის ბოლომდე გაფორმდება.