საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ზესტაფონის მოსახლეობას მეორედ შეხვდა. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ხალხთან შეხვედრის დროს მას რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ადგილებზე ხდება გარიგებები „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ ბურჯანაძე არ გავიდეს მეორე ტურში.
„ნაციონალებისათვის მთავარია ახლა არა მეორე ადგილი, არამედ ის, რომ არ დაუშვან ბურჯანაძის გაპრეზიდენტება. აქ არის ინტერესთა თანხვედრა, მე ამის თაობაზე არაერთხელ ვისაუბრე, იმედი მქონდა რომ ბიძინა ივანიშვილი ამას მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არასწორად არის ინფორმირებული ბევრ საკითხთან დაკავშირებით და მას ჰყავს გარემოცვა, რომელსაც მეორე ადგილზე ბაქრაძის გასვლა ურჩევნია. მას ან ატყუებენ ან შეცდომაში შეყავთ, როდესაც იძახის რომ მეორე ტური არ იქნება და როდესაც ამბობს, რომ ბაქრაძე მე მისწრებს. ეს ასე რომ იყოს, სირცხვილი იქნებოდა ქართველი ხალხისთვის."
ნინო ბურჯანაძემ აქცვენტი გააკეთა ქვეყნის საგარეო კურსზეც:
„ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქართველოს საგარეო კურსი იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განხორციელებისაკენ მიმართული. ამაში ვგულისხმობ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არ დააზარალებს სახელმწიფო ინტერესებს, იქნება ეს დასავლეთთან ურთიერთობა, აღმოსავლეთთან, სამხრეთთან თუ ჩრდილოეთთან. ჩვენი სახელმწიფო კურსი აქამდე იყო არა საქართველოს ინტერესების გამტარებელი, არამედ სხვა სახელმწიფოების ჯინაზე გაკეთებული კურსი."