აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრა,პი საფრანგეთში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქციები „ისლამის მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდების“ სურვილს უკავშირდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა. მისი თქმით, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები „უკონტროლო მასობრივი მიგრაციის“ შედეგია.
„ის, რაც საფრანგეთში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია. საქმე სკოლებს არ ეხება - საქმე ისლამის სურვილს ეხება, ხელში ჩაიგდოს ოდესღაც დიდი ქვეყანა!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე კვირაა გრძელდება. მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლებში სწავლის პირობები მძიმეა -კლასებში მოსწავლეების რაოდენობა მეტისმეტად დიდია, არასაკმარისია მასწავლებლებისა და დამხმარე პერსონალის რაოდენობა, ხოლო სკოლის შენობების ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია.
Reuters-ის ცნობით, 6 ოქტომბერს საფრანგეთში საპროტესტო აქციებში 250 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. გამოსვლების დროს რამდენიმე ადგილზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.