18 ოქტომბერს, 10 საათზე ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს ფონდის (ABET Foundation) ექსპერტები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" პროექტის ფარგლებში ჩაატარებენ სემინარს თემაზე „ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტები და მიღების პროცედურები" (Criteria and Procedures for ABET Accreditation).
სემინარს გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სემინარს დაესწრებიან განათლების და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.
საქართველოში ABET-ის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული, სამეცნიერო და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში. ჩატარებული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საქართველოში ამერიკული პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების განხორციელებისათვის. კვლევის შედეგები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათი პროგრამული განვითარების სრულყოფისა და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელების ჭრილში.
ABET-ის ფონდის ექსპერტები ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ათი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამის შეფასებას და მათგან ხუთი პროგრამისათვის ABET აკრედიტაციის მოპოვებისათვის საჭირო დეტალური სტრატეგიის შემუშავებას. ეს უნივერსიტეტებია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ABET (ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო), წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საინჟინრო, და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში. საბჭოს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული აქვს 3000-ზე მეტ პროგრამას, 600-ზე მეტ უნივერსიტეტში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის.
ABET-ის ფონდის წარმომადგენლები ა.წ. ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში ვიზიტის დროს კვლევებთან ერთად რამოდენიმე თემატურ სემინარს ჩაატარებენ, მათ შორის, 15 ოქტომბერს სემინარი ჩატარდა ა.წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 25 ოქტომბერს სამინარი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და 29 ოქტომბერს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გთხოვთ, 25 და 29 ოქტომბრისათვის დაგეგმილი სემინარების ჩატარების ზუსტი განრიგი წინასწარ გადაამოწმოთ აღნიშნული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) აშშ-ის მთავრობის ეკონომიკური განვითარების სააგენტოა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მიზნით პროგრამების განსახორციელებლად. 2005 წელს საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ხუთწლიანი კომპაქტი მიიღო, საერთო ღირებულებით $395 მილიონი. პირველი კომპაქტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები.
საქართველოს მიერ ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირებისათვის გაწეული ქმედებების ხელშეწყობის მიზნით MCC-მ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 140 მლნ აშშ დოლარის მეორე კომპაქტი გამოეყო. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის 26 ივლისს. მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული, და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის ძირითადი მიმართულებებია:
• ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს 130 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგები, და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება;
• ადგილობრივი ეკონომიკისათვის რელევანტური ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა;
• მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების პროგრამების განხორციელება მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგში (STEM).
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia)", რომელიც 2012 წელს შეიქმნა.