ქვეყნებს არ შეუძლიათ ელექტროენერგიაზე არსებული ამ უზარმაზარი მოთხოვნილების მხოლოდ საკუთარი ძალებით დაკმაყოფილება, ასე რომ, რეგიონმა უნდა დააჩქაროს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგეტიკული ქსელების ტრანსსასაზღვრო ურთიერთდაკავშირება, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა, დაიზოგოს ხარჯები და მოხდეს ზედმეტი ენერგიით შექმნილი უპირატესობებით სარგებლობა", განაცხადა ADB-ს ინფრასტრუქტურისა და სახელმწიფო-კერძო სექტორების პარტნიორობის განყოფილების უფროსმა მრჩეველმა ს. ჩანდერმა.
ანგარიში „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ენერგეტიკული პერსპექტივები" გვთავაზობს დეტალურ მონაცემებსა და პროგნოზებს ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ქვე-რეგიონულ, ქვეყნებისა და სექტორების დონეზე 2035 წელს, ასევე ელექტროენერგიისადმი „ყველაფერი რიგზეა" მიდგომის ზემოქმედებათა ანალიზს და ალტერნატიულ მიდგომას, რომლის შემთხვევაშიც ქვეყნები ამაღლებენ ქმედითობას და ავითარებენ ტექნოლოგიებს.
წიაღისეული საწვავი კვლავაც განაგრძობს დომინირებას ე.წ. ენერგო-ნარევში მომავალი ათწლეულების მანძილზე, განსახილავ პერიოდში ნახშირზე მოთხოვნილების 50%-ზე მეტი ზრდით, ან დაახლოებით 2%-ით წელიწადში, მოხმარებაში ლიდერი იქნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და გამოყენება დაჩქარდება სამხრეთ აზიის ქვეყნებშიც, რადგანაც ისინი ეძიებენ დაბალი ღირებულების მქონე ვარიანტებს არსებული მომარაგების წყაროების გასამრავალფეროვნებლად.
„აზიის განვითარების ბანკის" ინფორმაციით, მოთხოვნილება ნავთობზე ასევე იზრდება წელიწადში 2%-ით, რაშიც ლიდერობს სატრანსპორტო სექტორი, რამდენადაც სამხრეთ აზიელები ყიდულობენ სულ უფრო მეტსა და მეტ ავტომობილებს. ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება გაიზრდება ყველაზე სწრაფი წლიური 4%-იანი ტემპით, გამომდინარე მისი დაბალი ეკოლოგიური დატვირთვიდან და გამოყენების სიმარტივიდან.
წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება იწვევს ფასთან, ენერგოუსაფრთხოებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ პრობლემებს; აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ნახშირორჟანგის ემისიები სავარაუდოდ გაორმაგდება 2035 წლისათვის, რითაც შეადგენს მსოფლიოს ჯამური გამოყოფის ნახევარზე მეტს. თუ ეს რეგიონი არ შეასუსტებს მის ძლიერ დამოკიდებულებას ნავთობის იმპორტზე ენერგიის უფრო პროდუქტიულად გამოყენებით და უფრო მეტი „მწვანე ენერგიის" ალტერნატივების ათვისებით, მას ემუქრება მზარდი ენერგეტიკული უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ასევე კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე მზარდი საფრთხეები.
ეფექტურობის ასამაღლებელ ზომათა კომპლექსის, ენერგოგამომუშავების მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით და განახლებადი ენერგიით უფრო ინტენსიური სარგებლობით შესაძლებელი იქნებოდა ენერგიაზე პროგნოზირებული მოთხოვნილების თითქმის განახევრება 2035 წლისათვის. ნავთობისა და გაზის უფრო ეფექტიანი გადამუშავება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებასთან ერთად შეადგენს ენერგიის დაზოგვის პოტენციალის დიდ ნაწილს.
არსებობს დიდი შესაძლებლობები ენერგიის ტრანსსასაზღვრო მიმოცვლის არსებული ინიციატივების განვითარებისათვის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში, რის საბოლოო მიზანსაც წარმოადგენს პან-აზიური ენერგობაზრის ჩამოყალიბება 2030 წლისათვის. უფრო ახლო თანამშრომლობას ექნება სხვა დადებითი ეფექტებიც, მათ შორის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და ახლობლური ურთიერთობები.
რეგიონის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საკმაოდ შთამბეჭდავ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული - პროგნოზების თანახმად, ამ სექტორისათვის საჭირო იქნება 11.7 ტრილიონამდე დოლარი ახალი ინვესტიციები 2035 წლამდე, რაც გამოთვლილია ენერგიის ჩვეულებრივი მოხმარების მოდელების საფუძველზე. ინვესტიციები „გაიბერება" დაახლოებთ 19.9 ტრილიონამდე დოლარი ალტერნატიული მიდგომის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება ძვირადღირებული, ნახშირსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწინავე ენერგო-გამომმუშავებელი ტექნოლოგიებისა და დაბალ-ნახშირბადიანი ალტერნატივების ათვისებით, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია. განახლებადი ენერგიის უფრო ფართო გამოყენებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა არსებული ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახად გზების მონახვა.
კვლევა მომზადებულ იქნა იაპონიის ენერგო-ეკონომიკის ინსტიტუტის აზია-წყნარი ოკეანის ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის გუნდის მიერ, ADB-ს რეგიონული ტექნიკური ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში.
აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. 2012 წელს ADB-ს დახმარებამ შეადგინა ჯამში 21.6 მილიარდი დოლარი, აქედან თანადაფინანსებაზე მოსული თანხა იყო 8.3 მილიარდი დოლარი.