კომპანია „კანარგოს"ცარცულ ქანებში ნავთობის დიდი მარაგების მოპოვების იმედი აქვს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჩრდილო კავკასიაში ჩეჩნეთსა და დაღესტანში მდებარე დანაპრალებული კარბონატული საბადოების ანალოგი საქართველოში უკვე არსებობს, რადგანაც ცარცულ ქანებში ნავთობი სამხრეთ კავკასიაში პირველად საქართველოში აღმოჩნდა. ცარცულ ქანებში ნავთობი საქართველოში მანავის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, სადაც სალიცენზიო ბლოკის ოპერირებას კომპანია „კარაგო" ახდენს.
Blake Oil and Gas Limited-ის წარმომადგენელი საქართველოში, „კანარგო ჯორჯიას" ხელმძღვანელი მიხეილ ნიბნაძე განმარტავს, რომ ახალი ჭაბურღილების გასაბურთად კომპანიას თანხები უკვე მოძიებული აქვს. ნიბლაძის თქმით, კომპანიას ახალი ჭაბურღილის გაბურღვა დაახლოებით 20-25 მლნ დოლარი დაუჯდება, რადგანაც ცარცული ქანები 5000 მეტრი სიღმის დონეზე მდებაროებს.
საქართველოს გარეშემო ნავთობი და გაზი არსებობს. მთელს კავკასიაში ხომ ერთიდაიგივე ქანებია. გეოლოგიას საზღვრები არ აქვს. კავკასიაში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში ცარცული ასაკის ნალექებში ძალიან პროდუქტიული საბადოებია აღმოჩენილი. ცარცული ასაკის ნალექები კი თავის მხრივ 60 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა.
„ისტორიულად საქართველოში, 30-40 წლის უკან ბურღვა ანალოგების საფუძველზე ხდებოდა. როცა დაინახეს, რომ ჩეჩნეთში ცარცულ შრეებში ასეთი კარგი საბადოებია საქართველოშიც დაიწყეს ბურღვა. ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის კავკასიონია თორემ გეოლოგია დიდად განსხვავებული არ არის. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში საქართველოში ბურღვითი სამუშაოები ცარცულ შრეებში დაიწყო, თუმცა რეალურად ცარცამდე დასვლა ვერ მოხერხდა, რადგანაც ცარცული შრეები ძალიან ღრმად იყო. ნავთობი აღმოაჩინეს შუა ეოცენში.
როდესაც ქვეყანაში ახალი ინვესტორები შემოვიდნენ, მოხდა ღრმა ბურღვა 5 ათას მერტზე. „კანარგო" მანავის ტერიტორიაზე ცარცამდე დავიდა და პირველად საქართველოში ნავთობი და გაზი აღმოვაჩინა. რაღათქმა უნდა ეს მოპოვება იყო არაკომერციული. ჩვენ ამ ბურღვის შედეგად დავინახეთ, რომ საქართველოშიც არის ნავთობი და გაზი. აქედან გამომდინარე გეოფიზიკური კვლევებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მანავშიც შესაძლებელია იყოს კომერციული რაოდენობის მარაგები"- განმარტავს მიხეილ ნიბლაძე.
„კანარგოში" განმარტავენ, რომ ჭაბურღილებიდან ზედაპირზე არასტაბილურად მოედინებოდა ნავთობი (40.5º API) და გაზი; ბოლო ჭაბურღილი გაჩერებულია სავარაუდო წყალნავთობის კონტაქტთან, ხოლო 128მ ნავთობის სვეტი ფენის დაცდის დასრულების ეტაპზეა. მოპოვების დამოუკიდებელი შეფასებაა - 130 მლნ. ბარელი ნავთობი და 58 მლრდ. კუბ. ფუტი გაზი 2C რესურ სები (NSAI).
მანავი გამოიცადა სამი ჭაბურღილით (M11, M11z and M12) მსუბუქი ნავთობი (40.5o API) და გაზი მიღებულ იქნა ზედა ცარცული კარბონატებიდან.
2013-2015 წლის გეგმის მიხედვით, მანავში საჭიროა სეისმიკის მონაცემების მიღება, გვერდითი ლულის გაბურღვა და M12-ის გამოცდა ან ახალი შემფასებელი M13 ჭაბურღილის გაბურღვა.
შეგახსენებთ, რომ Blake Oil and Gas Limited არის ნავთობის და გაზის კერძო კომპანია, რომელიც ჩამოყალიბდა 2009 წელს და მიიღო საქართველოში 1998 წლიდან მოქმედი „CanArgo Energy Corporation"-ის აქტივები. მისი აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია, ბრიტანეთის კუნძულებზე, გერენზიში რეგისტრირებული ნავთობსა და გაზზე ორიენტირებული კერძო საინვესტიციო კომპანია „Persistency Private Equity Limited"-ი. კომპანია საქართველოში მოქმედებს 100% მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანიის შ.პ.ს. კანარგო ჯორჯიას საშუალებით. ჯგუფმა საქართველოში 200 მილიონის დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ინვესტორიც ყავს - MND Group NV, რომელიც წარმოადგენს ჩეხეთის უდიდეს ნავთობისა და გაზის კომპანიას. თავის მხრივ MND Group NV წარმოადგენს KKCG-ის საინვესტიციო ჯგუფის 100% მფლობელობაში მყოფ კერძო კომპანიას. MND Group-ის ბიზნესი ორიენტირებულია: ნავთობისა და გაზის ძიებაზე, ათვისებასა და მოპოვებაზე (ქვეყნის შიგნით და მის გარეთ), ბურღვასა და მომსახურებაზე, გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობაზე, მენეჯმენტსა და ოპერაციებზე.
2012 წლის ივლისში Blake Oil and Gas Limited -მა და MND-მ ჩამოაყალიბეს სტრატეგიული პარტნიორობა კანარგოს საქართველოს აქტივების შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით. ამ პარტნიორობის ფარგლებში რეგიონში განხორციელდება 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია (მათ შორის შესაძლო ვალდებულებები, რომლებიც წარმატების შემთხვევაში შეიძლება დამტკიცებულ ვალდებულებებში გადაიზარდოს) ნინოწმინდის საბადოს ათვისების დაჩქარებისა და მანავისა და ნორიოს ნავთობის აღმოჩენის შეფასების მიზნით.