საქართველოს სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი რევაზ სახვაძე ქართველი სამხედრო ექსპერტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსი სამხედრო მფრინავის ივან ნიჩაევის "სუ 25" რუსმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და გამნმარტავს, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა მათი საჰაერო ხომალდი 2008 წლის 8 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოაგდეს, ხოლო თვიმფრინავი, რომელსაც ნიჩაევი მართავდა, სავარაუდოდ, 9 აგვისტოსაა დაზიანებული.
როგორც სახვაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოყენებული ქართული მხარის საზენიტო დივიზიონი სრულად მის დაქვემდებარებაში იყო და დადასტურებული ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, რომ რუსმა მეზენიტეებმა შემთხვევით მხოლოდ ერთი რუსული მხარის "სუ 25" ჩამოაგდეს, ხოლო აღნიშნული სამხედრო ოპერაციის დროს დაზიანებული დანარჩენი 12 "სუ 25"-ის ტიპის საფრენი აპარატები ქუთაისის ცალკეული სარაკეტო საარტილერიო დივიზიონის მეზენიტეების მიერ იქნა დაზიანებული.
"2008 წლის აგვისტოში სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის უფროსი ვიყავი და ვხელმძღვანელობდი მთელ იმ პროცესს, სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვა რასაც ჰქვია. ის პიროვნება, რომელიც დასახელებული იყო "გმირად" და ჩირაღდანს ანთებს, მისი თვითმფრინავი დაზიანებულია ჩვენი მეზენიტების მიერ გადასატანი საზენიტო კომპლექსებით. ამის ინფორმაცია გაგვაჩნია, დადასტურებულია და ეს ეჭვს არ იწვევს. მისი თვითმფრინავი დაზიანდა ორივე ძრავაში და სამწუხაროდ ჩვენთვის და საბედნიეროდ მისთვის, მოახერხა თუ არ ვცდები ბუდიონოვსკის აეროპორტში დაჯდომა. სამწუხაროდ, ქართველი სამხედრო ექსპერტებისგან მომდინარეობს მცდარი აზრი, რომ ეს თვითმფრინავი დაზიანებულ იქნა რუსი მეზენიტეების მიერ. გარწმუნებთ, რომ ეს არის მცდარი აზრი საქართველოს საჰაერო თავდაცვის ირგვლივ და კონკრეტულად ამ შემთხვევაზე ქართულ მასმედიაში. თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი მეზენიტეების მიერ იქნა დაზიანებული. შემიძლია გითხრათ, რომ რუსების მიერ თავიანთი თვითმფრინავის დაზიანება 2008 წლის 8 აგვისტოს დილის 12:00 საათზე ფიქსირდებოდა. პირველი და ერთადერთი თვითმფრინავი რუსებმა 8 აგვისტოს 12:00 საათზე ჩამოაგდეს და დანარჩნი რაც მუსირებს ქართულ მასმედიაში, რომ რუსემა ჩამოყარეს ყველა საკუთარი თვითმფრინავი, ეს არის აბსურდი. სწორედ ეს თარიღია რუსების თვითმფრინავის პირველი დაზიანების თარიღი. 2 "სუ 25"-დან ვერ გაერკვნენ რომ თავიანთი იყო და შემთხვევით ჩამოაგდეს ერთ-ერთი, არ ეგონათ რომ თავიანთი იყო. ეს იყო და ეს. უკვე ამის შემდეგ შემოფრენილ საჰაერო აპარატებს ყრიდნენ, ანადგურებდნენ და მწყობრიდან გამოჰყავდათ ქართველ მეზენიტეებს. მე სამწუხაროდ მაშინ გვარს არავინ მეტყოდა ვინ იყო პილოტი, მაგრამ სავარაუდოდ, ნიჩაევის თვითმფრინავი დაზიანებულია 9 აგვისტოს,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რევაზ სახვაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ მეზენიტის ვინაობას, სახვაძის თქმით, შესაბამისი სამხედრო წესდების, საიდუმლოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, მისი ვინაობის გახმაურება აკრძალულია, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი მეზენიტების მიერ განხორციელებული ქმედებების თაობაზე დეტალური და ზუსტი ინფორმაცია არსებობს.
"საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე და მისი უსაფრთხოებიდან და სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ვერ დაგისახელებთ ამ პიროვნებას. მაგრამ გეტყვით, რომ იარაღის მომზადება, ტექნიკური გამართვა, პიროვნებების აღჭურვა, წვრთნა და ყველაფერი პირადად ჩემს მიერ იყო ჩატარებული. ეს იყო ქუთაისის ცალკეული სარაკეტო საარტილერიო დივიზიონი და ეს თვითმფრინავი მისი მებრძოლების მიერ დაზიანდა. სახმელეთო ჯარების დაცვა ჰაერიდან ბრძოლაში ჩემს დაქვემდებარებაში იყო და საზენიტო დივიზიონს, რომელიც საომარი ოპერაციის დროს გამოიყენებოდა, პირადად ვხელმძღვანელობდი,"- განაცხადა სახვაძემ.
ვიცე-პოლკოვნიკი სახვაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეისათვის ქუთაისის ცალკეული სარაკეტო საარტილერიო დივიზიონის მეზენიტეების ბატალიონი სრულად დაშლილია, ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და მის მიღებაში ყოფილი ხელისუფლების დროინდელ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს ადანაშაულებს.
"ამ მებრძოლებს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, ეს ქვედანაყოფი საერთოდ გაუქმებულია. ის ჩამოგდებული მფრინავი კი დააჯილდოვეს, "გმირი" გახდა რუსეთში და ჩვენთან ეს ქვედანაყოფი დაშალეს საერთოდ. მათ 12 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მე, ერთი კაცი დავდებ ინფორმაციას ამ დივიზიონის შესახებ, რა გაკეთდა, ვინ იბრძოლა, რა იბრძოლა და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ მფრინავს, მე მგონი საკმარისად მოგაწოდეთ ინფორმაცია. ეს კაცი წაახალისეს და ჩვენები დასაჯეს,"- დასძინა სახვაძემ.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ ქართველები წავლენ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, უნდა წაიყვანონ ის მეზენიტე, რომელმაც ნიჩაევის თვითმფინავი ჩამოაგდო და მისი სახელი და გვარი ცნობილია".
ცნობისთვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი პირველი მეჩირაღდნე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე სამხედრო მფრინავი ივან ნიჩაევი იქნება. ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში "სუ 25"-ის ტიპის თვითმფრინავით საბრძოლო დავალებებს ასრულებდა. აღნიშნული ომის შემდეგ მას რუსეთში გმირის წოდებაც მიენიჭა.