საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ დებატებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მაშინ, როცა ევროკავშირში გაფართოების შემდეგ ეტაპზე მსჯელობენ, საქართველო იმ ოთხ ქვეყანას შორის აღარ არის, რომლებისთვისაც შესაბამისი გზამკვლევი მზადდება.
მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ამჟამად „შეჩერებული და გაყინულია“, თუმცა ევროპულ გზაზე დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს კვლავ ექნება შესაძლებლობა, გაფართოების პროცესის ნაწილი გახდეს.
"ახლა მიდის მსჯელობა თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი გაფართოება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ გათვლილი, რომლებისთვისაც მზადდება ის გზამკვლევი, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს გაფართოების თემა ისევ აქტუალურია, ძალიან ახლოს არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დავაყენით იმ გზაზე, სადაც არის ჩვენი ადგილი, ჩვენ ადგილი იქ ასევე იქნება გათვალისწინებული. დღეს არ არის - დღეს შეჩერებულია ყველაფერი. მე არ მჯერა იმის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს წაგვართმევენ, გაჩერებულია, გაყინულია და ეს არის მათი პოზიცია ჩვენს მიმართ. ის, რომ აქაური ელჩები სადღაც წინანდალში რთველზე მიდიან, ამას არ ცვლის არანაირად. ეს გაყინული მდგომარეობა არის ერთის მხრივ, ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, რაშიც ჩაგვაყენა ხელისუფლებამ და მეორე მხრივ, იმასაც ასახავს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ჩვენს მიმართ არ შეცვლილა. არ ეგუება არც ამ რიტორიკას, არც ამ ახალ მიმართულებას, არც საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებას. დაელოდება, როდის დაუბრუნდება საქართველო თავის ჭეშმარიტ გზას.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ, საზოგადოებაზე გავრცელდეს სანქციები, მაგალითად უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კავშირი ევროპასთან და ამ კავშირის შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ იქნებოდა, ამიტომაც ამის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა სალომე ზურაბიშილმა "ფეისბუქ-ლაივში“.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.