მოლაპარაკებები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების აღდგენის შესახებ წარმატებით დასრულდა. აფხაზურმა მხარემ მოლპარაკებების აღდგენაზე თანხმობა განაცხადა.
დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი შეხვედრა გალში მიმდინარე თვეს გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა დაუდასტურა.
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრები ალბათ აუცილებლად აღდგება. ოქტომბრის თქვეში გალში პირველი შეხვედრა ჩატარდება. თარიღი დაახლოებით ვიცით, მაგრამ იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", _ განაცხადა სუჯაშვილმა სააგენტოსთან საუბარში და აღნიშნა, რომ აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მოლაპარაებების აღდგენაზე თანხმობა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გალში, ბოლო შეხვედრა გასული წლის 25 აპრილს უნდა გამართულიყო. შეხვედრა არ ჩატარებულა. საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებდა, რომ შეხვედრის ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარის პოზიცია გახდა, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის მიმართ დაიკავეს.
"აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის შეშვებაზე უარი განაცხადა. ამიტომაც ჩაიშალა შეხვედრა", _ აცხადებდა უტიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი „მიკერძოებულობაში" დაადანაშაულეს და „აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს. მათ ასევე უარი განაცხადეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებში მონაწილეობაზე ანჟეი ტიშკევიჩთან ერთად.