მდინარე ცხენისწყალში დარიშხანის გაჟონვის გამო, დასავლეთ საქართველოს ნაწილი შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ლენტეხის რაიონის სოფელ მელეში მდინარე ცხენისწყალს ქიმიური ნივთიერება შეერია და ადგილზე არსებულ ვითარებას ამ წუთებში გერმანელი ექსპერტები პორტატული ლაბორატორიის მეშვეობით სწავლობენ.
მდინარეში მომწამლავი ნვთიერების მოხვედრის გამო, შესაძლოა, დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების - ქუთაისის, სამტრედიის და ხონისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ლენტეხის რაიონში არსებული ვითარება რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ გაამძაფრა, როდესაც დარიშხანის სამარხს ძირი გამოეთხარა, რის შედეგადაც, კონტეინერები, რომლებშიც მომწამლავი ნივთიერება ინახებოდა, მდინარე ცხენისწყალში აღმოჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რაიონში ონკოლოგიური დაავადებების სიხშირემაც იმატა და საფრთხე შინაურ ცხოველებსაც ემქურებათ.
გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური ჯგუფები უკვე მუშაობენ, რაც შეეხება მიწაში მოთავსებული დარიშხანის გაუვნებელყოფას, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს სარკოფაგის ასაშენებელი ფინანსები არ ჰქონდა.
ამასთან, როგორც გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოაგლაძე აცხადებს, უწყება უკვე მუშაობს სპეცალური ჯებირების მშენელობის დასაწყებად და სოფელ მელეში არსებული დარიშხანის კასრების კოსერვაციაში დასახმარებლად მოლაპარაკებები ჰოლანდიის მთავრობასთანაც მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით კი, მდინარე ცხენისწყლის სასმელი წყლის ავზის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მდინარეს კალაპოტი შეეცვალა. ასევე, უწყებაში განმარტავენ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისის, სამტრედიის და ხონის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი სწორედ ამ მდინარის წყლის შესაძლო დაბინძურების თაობაზე არსებული ინფორმაცია გახდა, თუმცა ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყალი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო და აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობას წყლის მიწოდება მეორე დღესვე აღუდგა.
აღნიშნულ ფაქტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მოსახლეობას განგაშის საფუძველი არ აქვს, რადგან მდინარე ცხენისწყალში მოხვედრილი დარიშხანი იმდენად უმნიშვნელო რაოდენობისაა, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ცნობისთვის, ლენტეხის რაიონში საბჭოთა კავშირის დროს დარიშხანი სამრეწველო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა და ნივთიერებას ადგილობრივი ქარხანა აწარმოებდა, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დაიხურა და ობიექტის მიერ გამომუშავებული, მიწაში ჩაფლული მომწამლავი ნივთიერება უტილიზაციას არ ექვემდებარება.