მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ახმეტის რაიონული ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა.
ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ როსტიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მოძრაობის წევრებმა პარტიის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება იძულებით, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული მუქარების შედეგად მიიღეს.
"პოლიცია არანაირ შანტაჟს არ ერიდება იმისათვის, რომ მოძრაობის წევრებმა პარტიაში საქმიანობაზე უარი თქვან. სამართალდამცავები ჩვენს წევრებს ნათესავების სამსახურიდან დათხოვნით და სოციალური დახმარებების შეწყვეტით აშინებენ. ამასთან, ახლობლების დაკავებით ემუქრებიან. ფაქტობრივად, კარდაკარის პროგრამას გვიგდებენ და არ გვაძლევენ საშუალებას საარჩევნო სიები ადგილებზე გადავამოწმოთ", - განაცხადა როსტიაშვილმა.
ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენლის ბრალდებებს შს კახეთის სამხარეო სამმართველოში უსაფუძვლო უწოდეს.
"იმ შემთხვევაში, თუ როსტიაშვილი პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი პარტიის წევრებზე განხორციელებული მუქარის დამადასტურებელ ჩანაწერს წარმოადგენს, რეაგირებას მოვახდენთ", - აღნიშნეს პოლიციის სამმართველოში.