საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ავღანეთში უკვე ჩავიდნენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ს საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.
ოპერაციის რაიონის გადაბარემდე, ორივე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაზა „ლეზერნიკზე" დასკვნით სწავლებას გადის. ქართველ ჯარისკაცებს შემაჯამებელ წვრთნები ისეთ საკითხებში უტარდებათ, როგორიცაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო მოქმედებები, ნარკოტიკებს წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციისა ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები. ქართული ბატალიონების მძღოლები დამატებით მომზადებას გადიან ექსტრემალურ პირობებში ჯავშანმანქანა MRAP-ის ნაღმსაწინააღმდეგო მოწყობილობის ტარებაში („Mine-roller").
ქართულ ბატალიონთა როტაცია ავღანეთში აქტიურ ფაზაშია. 31-ე და ბათუმის ბატალიონები 33-ე და 42-ე ბატალიონებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი მისიას „ლეზერნიკის" ბაზაზე შეასრულებს. ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა 2010 წლის აპრილიდან დაიწყეს. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში განახორციელებს.
ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარეს. ქვედანაყოფები სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდნენ: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.
მასალის გამოყენების პირობები