26 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ევროკავშირის დელეგაციას, რომელსაც ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორატის ევროპული სამეზობლო რეგიონის დირექტორი მაიკლ კოლერი (Michael Koehloer) ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის რეალიზაციის პროცესში ევროკომისიის დახმარების საკითხები, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ევროკომისიის მხრიდან გაწეული დახმარებები, მათ შორის, სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM) მხარდაჭერის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და 2014-2017 წლებში რეფორმის გაგრძელების სტრატეგიულ მიმართულებებს. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობასა და დონორებს შორის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების საკითხებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ევროკომისიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნაში გაწეული დახმარებისა და აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობისთვის.
ევროკავშირის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.