"ჯეოსელის" დამფუძნებელი კომპანია "თელია სონერა" შესაძლოა, საქართველოდან გავიდეს. შესაბამისი განცხადება "ჯეოსელის" წარმომადგენელმა პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ლევან გორგაძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმდინარე წლის 17 ივლისის აუქციონის გამართვის დებულებაში ცვლილებებს აპროტესტებს და მისთვის გაუგებარია, რატომ იძლევა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია 14 მილიონიან სხვაობას.
"საუბარი იყო იმ ინფორმაციების მიწოდებაზე და იმ დარღვევებს, რომლებსაც ჩვენი აზრით ადგილი ჰქონდა მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. თემებს რაც შეეხება, ძირითადი ნაწილი კომპანია "ჯეოსელისთვის" მნიშვნელოვანი იყო ბოლო დროს განხორციელებული ცვლილება, რომელიც ლიცენზიის საფასურის გამოანგარიშებას უკავშირდებოდა და საგამოძიებო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ,"- განაცხადა ლევან გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ არსებულ ფიჭური კომპანიების საჩივრებს ისმენს. ძირითადი პრეტენზიები პორტირების საკითხებსაც ეხება. როგორც კომპანიების წარომადგენლები აცხადებენ, ამ პრინციპის შემოღების შედეგად, ისინი დაზარალდნენ.