საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ფართომასშტაბიან სარეკლამო კამპანიას აზერბაიჯანში, კერძოდ ქალაქ ბაქოში ახორციელებს.
კამპანია დღეს, 23 სექტემბერს, ბაქოში სასტუმრო „რედისონ-პარკინში" საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პრეზენტაციით გაიხსნა. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ ტურისტულ რესურსზე და ახალ მიმართულებებზე ესაუბრა. ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ღონისძიებას ქართველი ტურ-ოპერატორები და სასტუმრო ბიზნესის წარომადგენლებიც ესწრებიან, მათ შესაძლებლობა აქვთ თავიანთი საქმიანი შეხვედრები აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამართონ და სამომავლო ურთიერთობები დაამყარონ.
პრეზენტაციას 70 აზერბაიჯანის წამყვანი ტურ-ოპერატორი და ჟურნალისტი ესწრება.
ასევე კამპანია მოიცავს ონლაინ და გარე რეკლამებს, მისი მიზანია პოპულარიზაცია გაეწიოს კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტებს, კერძოდ სამთო-სათხილამურო და ღვინის ტურიზმს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ტურისტული შეთავაზებებისა და საკურორტო რეგიონების ცნობადობის ამაღლებას აზერბაიჯანის ტურისტულ ბაზარზე. შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება აზერბაიჯანიდან ტურისტების ნაკადი.
აზერბაიჯანი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ პირველად ტურისტულ მიზნობრივ ბაზარს, 2013 წლის 8 თვის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან 686 671 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 15%-ით აღემატება.