22 სექტემბერს, ქარელის რაიონის სოფელ დვანში, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კვლავ გაგრძელდა ღობეების მონტაჟის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ადგილობრი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილობრივი ან მთლიანი გაყოფის წინაპირობას წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს არსებულ პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქართული და საერთაშორისო თანამაეგობრობის მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებებისა და პროტესტის მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი კვლავაც გრძელდება.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში ოკუპაციის ხაზის გადმოწევას შს სამინისტრო პირველადი ინფორმაციით არ ადასტურებს. შსს მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის უკანონო ქმედებას და ყველა მხარეს პროცესის დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს.