ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების პროცესის განახლების შედეგად, რუსი ოკუპანტების კონტროლქვეშ დამატებით 10 ჰექტარამდე საქართველოს ტერიტორია მოექცა.
არსებული მონაცემებით. ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი 400-500 მეტრითაა გადმოწეული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა მსხმოიარე ხეხილის ბაღები, სარწყავი წყლის სათავო ნაგებობა და სახნავ-სათესი მიწები.
ადგილობრივი მოსახლეობა სადემარკაციო სამუშაოებზე დასაქმებულ ერთ-ერთ რუს სამხედროს ესაუბრა, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრილ ბაღებში ხეხილის დასაკრეფად მათ 2 დღიანი ვადა მისცა.
"სამი ნაკვეთიდან, რომელთაგან ერთი ხილის ბაღით არის სავსე, 1 ჰექტარი და 700 კვ. მეტრი და სახნავ-სათესი მიწები 1 ჰექტარი და 200 კვადრატული მეტრი მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რითაც თავს ვირჩენდი, ვცხოვრობდი, დღეს აღარ მაქვს. რა დამრჩენია ამ ქვეყანაზე აღარ ვიცი. ან მოგვხედოს მთავრობამ, ან ჯობია, რომ მთელი სოფელი გადაგვასახლონ,"- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გუგულა კოპაძემ.
ამასთან, ოკუპანტებმა სოფელ დვანის მოსახლეობას ის რუკაც წარმოუდგინეს, რომლითაც რუსუ სამხედროები მავთულხლართების გავლების პროცესში ხლმძღვანელობენ. სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, რუკის მიხედვით, სადემარკაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დვანის ტერიტორიის ნახევარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება.