აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მცხოვრებთათვის" ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემის კანონიერების შემსწავლელი კომისიის შემაჯამებელი ანგარი მოისმინა. კომისია ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. საუბარი რა თქმა უნდა ამ რაიონების ქართული ეროვნების მოსახლეობაზე მიდის.
კომისიის რეკომენდაციები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ერთხმად მიიღო.
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ასლან კობახიამ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ანგარიშში მოყვანილია მრავალრიცხოვანი ფაქტები იმისა, რომ ქართულ მოსახლეობას აფხაზური პასპორტები ე.წ. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დაურიგდა.
კერძოდ, მათ უარის თქმად საქართველოს მოქალაქეობაზე რაიონული კომისიები მათივე ხელით დაწერილ განცხადებებს მიიჩნევდნენ. ოფიციალური დოკუმენტები კი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ასლან კობახიამ აღნიშნა: „კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონის ქართული ეროვნების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებსაც აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ, საქართველოს მოქალაქეობაც აქვთ.
იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურს არ აქვთ საშუალება საქართველოს მოქალაქეების მონაცემთა ბაზაზე წვდომისა აფხაზეთის რესპუბლიკა მიიღებს პრეზუმპციას, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ იყენებს. ანუ პირი, რომლის მიმართაც შეუძლებელია ოფიციალურად მოხდეს იდენტიფიკაცია მისი ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობის დადგენის შესახებ შეუძლებელია ჩაითვალოს აფხაეთის მოქალაქედ, მანამ ვიდრე არ იქნება მიღებული წინა მოქალაქეობის სახელმწიფოს ნებართვა ექსპეტრიაციაზე.
სულ, პასპორტიზაციის პროცესის დაწყებიდან გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში ქართული ეროვნების ადამიანებზე გაცემულია 24 811 პასპორტი. მათ შორის 2008 წელს - აფხაზეთის მოქალაქის 704 პასპორტი, 2009 წელს - 6219 პასპორტი, 2010 წელს - 2426 პასპორტი, 2011 წლის 7688 პასპორტი, 2012 წელს - 6436 პასპორტი და 2013 წელს - 1839 პასპორტი.
გარდა ამისა 09.09. 2013 წლის მონაცემით, გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ქართველებზე უკვე გამოწერილია მაგრამ გაცემული არ არის 653 პასპორტი და მიღებულია და განხილვის სტადიაშია აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტის მიღების 1558 განცხადება".
კომისიის რეკომენდაციაა:
1. ანულირებულ იქნეს გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული პასპორტები.
2. კომისიის მასალები და ადმინისრაციის ხელმძღვანელების განკარგულებები გადაგზავნილ იქნეს აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში შემდგომი შესწავლისათვის.
3. შეიცვალოს პასპორტის ბლანკების მოქმედი ნიმუშები ახლით, რომლებიც თანამედროვე დაცვის მოთხოვნების შესაბამისი იქნება.
4. დაჩქარდეს კანონპროექტის მიღება „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ".