რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში გაემგზავრა.
როგორც აბაშიძემ გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი და კარასინის პირისპირ შეხვდერაზე ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ სა კულტურულ საკითხებთან ერთად, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფელ დიცში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები იქნება.
აბაშიძის განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებთან ვითარება ზოგადად დაძაბულია, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიებზე მდგომარეობა განსაკუთრებით მისი და კარასინის შეხვედრების წინა დღეებში იძაბება და მავთულხლართების გავლებას კონკრეტული მიზნები აქვს.
"შევთანხმდით იმ თემებზე, რომლებსაც განვიხილავთ. ეს არის სავაჭრო კავშირების აღდგენა, სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო შეხვედრების წინ ასე იძაბება ვითარება ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე. იქ ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ განსაკუთრებით ასე ხაზგასმით ყოველი ჩვენი შეხვედრის წინ ხდება და ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა პრაღაში ხვალ გაიმართება.