უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, არჩევნები ჩაატაროს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.
„უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე - 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ლიდერის არჩევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია და არა თეთრი სახლის ან კრემლის. მან ასევე აღნიშნა, რომ ომის პირობებში არჩევნების ჩატარება რთულია, რადგან საჭიროა ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ზელენსკის განცხადებით, თუ ტრამპს უკრაინაში არჩევნების ჩატარება სურს, მან პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდოს.
ინტერვიუში ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კიევი მზადაა, რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეაჩეროს, თუ მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს შეწყვეტს.