18 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემული ე.წ. აფხაზური პასპორტების ანულირების მოთხოვნით სახალხო აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის პასპორტი უკვე გაცემულია საქართველოს 26 ათასზე მეტ მოქალაქეზე და კიდევ რამდენიმე ათასი დოკუმენტი მზადაა გასაფორმებლად.
აქციის ორგანიზატორები არიან აფხაზეთში არსებული პოლიტიკური პარტიები, გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
„ყოველივე ეს საქართველოს აძლევს საშუალებას თავისი მოქალაქეების მეშვეობით გავლენა მოახდინოს აფხაზეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. საფრთხის ქვეშ დგას აფხაზეთის თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი. ამ პროცესს დროულად უნდა მოეღოს ბოლო", _ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სხდომა უნდა გაიმართოს, რომელზეც პასპორტიზაციის კანონიერების საკითხის შესახებ ანგარიშის მოსმენა იგეგმება.