რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მსგავსი გადაწყვეტილება პირველი არ არის.
"ჯერ ერთი, ეს პირველი ამ ტიპის გადაწყვეტილება არაა, როცა რუსეთი ახორციელებს და განაგრძობს ოკუპაციას. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება უკანონოა. არანაირი რუსეთ-სამხრეთ ოსეთური, თუ შეიძლება ასე ითქვას, საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველოს საზღვარი და კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს შორის რაკი არსებობს, ვიდრე ეს კონფლიქტები არ მოგვარდება, ეს საკითხები ყოველთვის ჰაერში გამოკიდებული იქნება. ეს არის უკანონობა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მომზადდეს ოფიციალური ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ".
"დაევალოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან და მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას", - ნათქვამია დოკუმენტში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის ზოლი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. როგორც რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, ამ ხელშეკრულების გაფორმება "ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ გაფორმებას და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერების განხორციელებას".