რუსი დიპლომატი ვიშერნევი შესაძლოა სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს მშენებლობის მსხვილი კონტრაქტების გამო მოეკლათ. მეორე ვერსიით - მკვლელობა დაკავშირებულია კომპანია „ელ პეტროლეუმ აბხაზია"-ს ხელმძღვანელის, ბიზნესმენ კლემანტოვიჩის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებასთან.
„ვერსია პირველი - მკვლელობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსხვილ სამშენებლო კონტრაქტებთან. საუბარი მიდის 35 მილიონ აშშ დოლარზე, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტიდან სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს კომპლექსის მშენებლობაზე გამოიყო", _ წერს აფხაზური მედია. სოხუმში არსებული მონაცემებით, ვიშერნევი, როგორც იურისტი, კონტრაქტების მომზადებაში მონაწილეობდა. ამჟამად გამომძიებლები არკვევენ, თუ რამდენად იყო მასზე დამოკიდებული სამუშაოების შემსრულებლების შერჩევა.
მეორე ვერსიით - შესაძლოა სოხუმში ახლახანს მომხდარი მკვლელობა, შარშან, „ელ პეტროლეუმ აბხაზია"-ს ხელმძღვანელის, ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩის გაუჩინარებასთან იყოს კავშირში.
რამდენიმე ხნის განმავლობაში კლემანტოვიჩი ბელორუსში ბიზნესით იყო დაკავებული. 2004 წელს კი ის დააკავეს ქრთამის აღების გამო და მალევე გამოუშვეს. ამის შემდებ ბიზნესმენმა თავისი ბიზნესის ოკუპირობულ აფხაზეთში გადატანა გადაწყვიტა.
აფხაზეთში ის შავი და ფერადი ლითონების ჯართის შესყიდვითა და დამუშავებით იყო დაკავებული. გასული წლის შემოდგომაზე კი ის გაუჩინარდა მეგობარ გოგონასთან ერთად. „შესაძლოა ვიშერნევი კლემატოვიჩის არაოფიციალურ ძებნას ახორციელებდა", _ წერს აფხაზური პრესა.
რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ამ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. რუსი გამომძიებლები უკვე სოხუმში იმყოფებიან. ამას გარდა, ამ საქმეში ასევე ჩაერთულნი არიან რუსეთის სხვა და სხვა სპეცსამსახურების თანამშრომლები.
მოკლული დიპლომატის ცხედარი უკვე რუსეთში, ფსკოვშია გადაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსეთის ე.წ. საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი 9 სექტემბერს თავში ორი გასროლით მოკლეს. სლ მკვლელმა ხუთი ტყვია ესროლა. ჩინოვნიკი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაჭრილი მისი მეუღლე სოხუმის საავადმყოფოშია მოთავსებული. მას, ოპერაციის შედეგად ორი ტყვია ამოუღეს.
სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი უკვე შედგენილია. იგი შემთხვევის ადგილიდან ტროლეიბუსით მიიმალა.
მასალის გამოყენების პირობები