პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრი ვახტანგ (ლოთი) ქობალია აცხადებს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს მომხდარი ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობის საქმეში სრულიად უდანაშაულოა და წლების განმავლობაში ციხეში ტყუილად იხდიდა სასჯელს.
"დავით ბოლქვაძის ოჯახმა და კიდევ ბევრმა სხვამ კარგად იცის, რომ მე ამ ამბავთან შეხება არ მქონია. აღნიშნულის თაობაზე დათო ბოლქვაძის დასაც დეტალურად ველაპარაკე", _ აღნიშნა 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ. მისივე თქმით, თავის დროზე, ცრუ მოწმეებს იძულებით დააწერინეს ჩვენება, თითქოს, მკვლელობა მან (ქობალიამ) ჩაიდინა.
ვახტანგ (ლოთი) ქობალია დავით ბოლქვაძის მკვლელობის გამოძიების ხელახალ ჩატარებას მოითხოვს და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. იგი დარწმუნებულია, რომ ობიექტურად ჩატარებული გამოძიება მის უდანაშაულობას დაადასტურებს.
_ "მე მაქვს ინფორმაცია ბოლქვაძის მკვლელობის შესახებ და ამ ინფორმაციას გამოძიებას მივაწვდი. მზად ვარ სამართალდამცავები შევახვედრო იმ ადამიანებს, ვინც მკვლელობას შეესწრო. ამ ამბის ცოცხალ მოწმეებს სწორი ჩვენების მიცემა შეუძლიათ", _ აცხადებს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის წევრი.
პრესკონფერენციაზე ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ ასევე აღნიშნა, რომ ციხეში დღესაც სხედან შევარდნაძის დროინდელი პოლიტპატიმრები, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით არიან გასამართლებულნი. ქობალიას თქმით, მათ უდანაშაულობაში ღრმად არის დარწმუნებული და ამ პირების გათავისუფლებას ითხოვს.
პოლიტიკური მოძრაობის გამგეობის წევრი, ასევე, აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდიან. ამის მაგალითად ვახტანგ (ლოთი) ქობალია ასახელებს იმ ფაქტს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ორი შვილი სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.
პრესკონფერენციაზე ქობალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილმა დააკავშირა ის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ მოძრაობასთან.