ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მუსლიმი მოსახლეობა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟში მონაწილე სამართალდამცველებს მუსლიმი მრევლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა მუსლიმმა დავით ჩოგაძემ განუცხადა, "ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დღეს შუა დღისით სამართალდამცველებმა სოფელ ჭოლაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი დაიწყეს".
"მოვიდნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები და მინარეთის დაშლა დაიწყეს. არსად არავითარი ინფორმაცია არ გაგვაშვებინეს, არც ჟურნალისტები მოუშვეს ახლოს. რამდენიმე საათის განმავლობაში ძირიანად მოჭრეს ყველაფერი და გაანადგურეს ყველაფერი. არსებობს ამის ამსახველი კადრები, რომელიც ადგილობრივებმა სამოყვარულო კამერებით გადაიღეს,"- განაცხადა ჩოგაძემ.
მისივე თქმით, დემონტაჟის პროცესში არც ერთი ადგილობრივი ქრისტიანი თანასოფლელი არ ჩარეულა და პროცესს მხოლოდ სპეცრაზმის და პოლიციის თანამსრომლები წარმართავდნენ.
"დემონტაჟში არც ერთი უბრალო ადამიანი არ ჩარეულა, იყო მხოლოდ მილიცია და სპეცრაზმი. არც ერთი ადამიანი ამის წინააღმდეგი არ იყო, ამის წინაარმდეგი მხოლოდ და მხოლოდ მთავრობა იყო,"- აღნიშნა ჩოგაძემ.
ამასთან, დავით ჩოგაძის განცხადებით, ადგილზე ათამდე ადგილობრივი მუსლიმის დაკავება მოხდა, რომლებიც ახალხციხის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციიით, რამდენიმე მათგანი სასტიკადაა ნაცემი და დაკავებამდე ადგილზე იარაღის სროლის ხმაც ისმოდა.
"როდესაც ხელის შეშლას შეეცადნენ, იარაღები რა თქმა უნდა არ ჰქონდათ ადგილობრივებს, სამლოცველოსთან მდებარე ხიდი სამართალდმაცველების მიერ იყო გადაკეტილი, გადმოკვეთეს ადილობრივებმა ეს ბარიერი და ამ დროს რამდენიმე მათგანის დაკავება მოხდა. სროლაც იყო ხალხის შესაშინებლად და კონდახიც ჩაარტყეს რამდნიმეს. ზუსტად არ ვიცი მაგრამ 10-12 კაცია დაჭერილი,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დავით ჩოგაძემ.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ამ წუთებში ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან 200-მდე მუსლიმია შეკრებილი და ისინი დაკავეული თანასოფლელების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. თუმცა სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება დღეს არ მოხდება.
აღნიშნულ საკითხზე "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმზღვანელს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე მოქალაქის დაკავება დაადასტურა და აღნიშნა, რომ დაპატიმრების მიზეზი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლა გახდა.
სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია ხელისუფლებას მუსლიმთა შელახული უფლებების აღსადგენად ზომების დაუყოვნებლივ მიიღებისკენ მოუწოდებს.
"26 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორია, რომელზეც მეჩეთი მდებარეობს წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას. სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ მინარეთის დემონტაჟს მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება; ნაცემი და დაკავებულია 11 მუსლიმი მოქალაქე. იმ ფონზე, როდესაც ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლოცვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება, როდესაც პასუხისგებაში არ არიან მიცემული მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებების დამრღვევი პირები, რის შედეგადაც სისტემური ხასიათი მიიღო მუსლიმთა დევნამ, სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმეგბლო ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში რელიგიური მშვიდობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კატეგორიულად გმობს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს; აფასებს ამ ფაქტს, როგორც მუსლიმთა მორიგ დისკრიმინაციას და მიმართავს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათი შელახული უფლებების აღსადგენად", - ნათქვამია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო. დღეს კი ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს.